თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოსა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრების — მიხეილ ჯანელიძისა და სერგეი ლავროვის შეხვედრა აუცილებელია, მიაჩნია „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერს ნინო ბურჯანაძეს.
მანამდე მიხეილ ჯანელიძემ განაცხადა, რომ „შესაბამისი გარემოებებისა და მომზადების შემთხვევაში" რუს კოლეგასთან შეხვედრა გამორიცხული არ არის.
„მიზანშეწონილი კი არა, აუცილებელია. მსოფლიო პრაქტიკა და ისტორია აჩვენებს, რომ ომის გარდა არსებობს მხოლოდ და მხოლოდ ერთი გზა — ეს არის დიპლომატიისა და მოლაპარაკების გზა. რაც მალე გავიგებთ ამას ქართველები, მით უკეთესია“, — განაცხადა ბურჯანაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას.
საქართველოს ხელისუფლების წარმომადგენლებს არაერთხელ აღუნიშნავთ, რომ მზად არიან რუსეთის ხელმძღვანელობასთან შესახვედრად, თუმცა ხაზს უსვამენ, რომ ამას დრო და მომზადება სჭირდება.