თბილისი, 9 მაისი – Sputnik. ჩვენი ვალია, ქედი მოვიხაროთ ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც საკუთარი სიცოცხლე, ჯანმრთელობა გაწირა იმისთვის, რათა მათ შთამომავლობას ეცხოვრა მშვიდობიან მსოფლიოში, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის გამარჯვების დღის მილოცვისას.
პრემიერი ვაკის პარკს ეწვია, სადაც უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო.
„ეს არის კაცობრიობის ისტორიაში უპრეცედენტო, ათობით მილიონი ადამიანის გმირობის მაგალითი, რომლის მსგავსი არავის ახსოვს. ამ უდიდესი მსხვერპლის შედეგად შესაძლებელი გახდა ფაშიზმის შეჩერება. ქედს ვიხრი ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც სიცოცხლე გაწირა და ყველა იმ ადამიანის წინაშე, ვინც ჯერ კიდევ ჩვენ გვერდით არის. სახელმწიფოს ვალია, მაქსიმალურად აჩვენოს და აგრძნობინოს მათ ის მადლიერება, რომელიც ყველა ჩვენგანს გააჩნია“, — განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ვაკის პარკში შეკრებილ ვეტერანებს 9 მაისი დილიდან მიულოცეს საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა და საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ. მათ ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვეს.
გამარჯვების დღე ვეტერანებს ასევე მიულოცეს მთავრობის, მმართველი და ოპოზიციური პარტიების წევრებმა.
სპეციალურად ამ დღესთან დაკავშირებით მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პრემიერის სახელით საზეიმო სადილი მოეწყობა. გარდა ამისა, მთელ ქვეყანაში ფაშიზმზე გამარჯვების 71-ე წლისთავის აღსანიშნავად სადღესასწაულო ღონისძიებები იმართება.
პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, ვეტერანები 600 ლარის ოდენობით დახმარებას მიიღებენ, ხოლო მარჩენალდაკარგული ოჯახები — 300 ლარს. გასულ წელს ეს დახმარება 1000 ლარს შეადგენდა.
საქართველოში სულ 1296 ვეტერანი ცხოვრობს.