თბილისი, 9 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ვაკის პარკში შეკრებილ მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებს გამარჯვების დღე მიულოცა და უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვავილებით შეამკო, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
„9 მაისი არის კაცობრიობის უდიდესი გამარჯვება ბოროტებაზე. ჩვენ, ქართველებმა, რაოდენობით პატარა ერმა შეგვიძლია ამაყად ვთქვათ, რომ ამ გამარჯვებაში ძალიან დიდი წვლილი სწორედ ქართველებმა და საქართველომ შეიტანა“, — განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.
გიორგი მარგველაშვილთან ერთად უცნობი ჯარისკაცის საფლავი ყვევილებით შეამკო საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მეთაურმა ვახტანგ კაპანაძემ. მან ვეტერანებს ჯანმრთელობა და დიდხანს სიცოცხლე უსურვა.
ვაკის პარკში ასევე საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილისა და მთავრობის სხვა წევრების მისვლას ელოდებიან.
სპეციალურად ამ დღისთვის მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისთვის პრემიერის სახელით საზეიმო სადილი მოეწყობა. გარდა ამისა, მთელი ქვეყნის მასშტაბით გამარჯვების 71-ე წლისთავთან დაკავშირებით რიგი ღონისძიებებია დაგეგმილი.