თბილისი, 9 მაისი — Sputnik. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოში სადღესასწაულო ღონისძიებები გაიმართება. 9 მაისი ქვეყანაში ოფიციალურად არასამუშაო დღეა.
თბილისში გამარჯვების დღის აღნიშვნა, ტრადიციულად, ვაკის პარკში ვეტერანების შეკრებით დაიწყება. საქართველოს მთავრობის წევრები პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილის ხელმძღვანელობით მიულოცავენ ვეტერანებს და გვირგვინებით შეამკობენ უცნობი ჯარისკაცის საფლავს.
ამჟამად საქართველოში სულ 1296 ვეტერანი ცხოვრობს.
მთავრობის მეთაურის სახელით ვეტერანებისთვის საზეიმო სადილი გაიმართება. შემდეგ ვეტერანები საქართველოს პარლამენტში გაემართებიან, სადაც გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ფოტოგამოფენა მოეწყობა. ვეტერანებს პარლამენტის სპიკერი დავით უსუფაშვილი მიულოცავს და მათ სამახსოვრო საჩუქრებს გადასცემს.
დღესვე კიკვიძის პარკში მელიტონ ქანთარიას ძეგლი გაიხსნება.
საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი დღის განმავლობაში ეწვევა ძეგლს, რომელიც ქართული საკულტო ფილმის „ჯარისკაცის მამას“ მიხედვით ქალაქ გურჯაანში დაიდგა.
გამარჯვების დღისადმი მიძღვნილი ღონისძიებები გაიმართება ასევე საქართველოს რეგიონებში.