იგორ ობოლენსკი
გამარჯვების მორიგ დღესასწაულს საქართველოში, ქობულეთში შევხვდი. დილიდან ახლომახლო რაღაც მშენებლობა მიდიოდა და უროს ისე ურტყამდნენ, თითქოს ზარებს რეკდნენ. თავიდან ასეც მეგონა და არც გამკვირვებია — ისეთი დღეა, ღირს დაფიქრებად, ვიღაცის მოგონებად…
და მეც ვიგონებდი… არა მარტო ჩემი ბაბუის ძმას, რომელიც 9 მაისამდე ორი დღით ადრე დაიღუპა, და არა მარტო პარტიზან დიდ ბაბუას, რომელიც ფაშისტებმა აწამეს და სოფლის განაპირას საძმო სასაფლაოზეა დაკრძალული, რომლის მახლობლად გავლისას ყოველთვის ვაჭერთ მანქანის საყვირს…
ვიხსენებდი ასევე ჩემი წიგნებისა და მოთხრობების საქართველოსთან დაკავშირებულ გმირებს. ვახტანგ კიკაბიძის მამას, სამხედრო ჟურნალისტს, რომელიც ქერჩთან ბრძოლებისას, 1942 წელს უგზოუკვლოდ დაიკარგა, სწორედ მაშინ, როცა თავად ზღვაც კი იწვოდა;
კახი კავსაძის მამას, რომელიც რომელიც იქვე, ქერჩში ტყვედ ჩავარდა და, ფაქტიურად, ქართველი შინდლერი გახდა, ვინაიდან ცეკვისა და სიმღერის ანსამბლში ხალხის შეკრების მოტივით ათობით სიკვდილმისჯილი იხსნა საკონცენტრაციო ბანაკებიდან;
სოფოკო ჭიაურელის მამას, რომელმაც ომის დროს ფილმი „გიორგი სააკაძე“ გადაიღო და რომლის ასლები სტალინის ბრძანებით გერმანელების ზურგში გაავრცელეს, რათა მტერს ენახა, რომ მიუხედავად ომისა, საბჭოთა ხალხი იმდენად ძლიერია, რომ შეუძლია თავს უფლება მისცეს მსგავსი ფილმები გადაიღოს ასეთი გრანდიოზული დეკორაციებით, მასობრივი სცენებითა და კოსტიუმებით, და ვერანაირი ფაშიზმი ვერ დაძლევს;
რეჟისორ რეზო ჩხეიძეს და მსახიობ სერგო ზაქარიაძეს, რომლებმაც უდიდესი ფილმი „ჯარისკაცის მამა“ გვაჩუქეს…
ბევრი გმირია, ბევრია გასახსენებელიც… და კიდევ ერთი სურვილიც: რომ ჩვენ გამარჯვებულები დავრჩეთ ყველაზე მნიშვნელოვან ბრძოლაში — ზნეობრივ არჩევანში, რომელიც ყოველდღიურად ხდება ჩვენ გულებში…