ერთი წელი რეზო ჩხეიძის გარეშე: ქართული კინოს ბერმუხა და ნამდვილი „ჯარისკაცის მამა“

© photo: Sputnik / Yuri Ivanov / გადასვლა მედიაბანკშიკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც მსოფლიომ გამოჩენილი ქართველი კინორეჟისორი, სამამულო ომის თემაზე შექმნილი ერთ-ერთი გამორჩეული ფილმის „ჯარისკაცის მამის“ ავტორი რეზო ჩხეიძე დაკარგა.

ანასტასია ხატიაშვილი მოგითხრობთ ისტორიას, თუ როგორ დაიწყო კლასიკად ქცეული „ჯარისკაცის მამის“ გადაღება, რა სირთულეები ახლდა ამას და როგორ გაიმარჯვა ქართული კინოსთვის ბრძოლაში რეზო ჩხეიძემ.                                     
ქართული კინოსკოლის მამა

პრინციპული, მტკიცე და საკუთარი არჩევანისა და რწმენის ერთგული, ქართული კინოსკოლის „უგვირგვინო მამა“, გენიოსი, რომლის იდეებმა ახალ თაობას ახალი მსოფლმხედველობა მისცა.

რევაზ ჩხეიძე 1926 წლის 8 დეკემბერს დაიბადა ქუთაისში ცნობილი მწერლისა და საზოგადო მოღვაწის, დავით ჩხეიძის ოჯახში, რომლის ლიტერატურული ფსევდონიმი იყო დია ჩიანელი და რომელიც 1937 წელს რეპრესიებში მოხვდა.

© Анатолий Сергеев-Васильевკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე

რეზო ჩხეიძემ სკოლა ომის პერიოდში დაამთავრა და შოთა რუსთაველის სახელობის თეატრალურ ინსტიტუტში ჩააბარა სარეჟისორო ფაკულტეტზე. 1953 წელი მისი ბრწყინვალე კარიერის ათვლის წერტილად იქცა. სწორედ ამ წელს დაამთავრა სრულიად რუსეთის კინოს სახელმწიფო ინსტიტუტი (მიხაილ რომის კლასი), გახდა კინოსტუდია „ქართული ფილმის“ რეჟისორი და საკუთარი სცენარის მიხედვით პირველი, სადებიუტო დოკუმენტური ფილმი „ბორის პაიჭაძე“ გადაიღო.

ხმამაღალი განაცხადი რეჟისორმა ორი წლის შემდეგ, 1955 წელს გააკეთა, როდესაც თენგიზ აბულაძესთან ერთად ფილმი „მაგდანას ლურჯა“ გადაიღო. სურათი კანის კინოფესტივალზე მოკლემეტრაჟიანი ფილმების კონკურსზე აღინიშნა, როგორც „გამოგონილი სიუჟეტის მქონე საუკეთესო ფილმი“. ეს იყო პირველი შემთხვევა მრავალი წლის განმავლობაში, როდესაც საბჭოთა რეჟისორის ნამუშევარმა დასავლურ კინოფესტივალზე აღიარება მოიპოვა. ეს იყო ქართული კინოს განთიადი.

© РИА Новостиკადრი ფილმიდან "მაგდანას ლურჯა"
კადრი ფილმიდან მაგდანას ლურჯა - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "მაგდანას ლურჯა"

საყოველთაო აღიარება რეზო ჩხეიძეს მაინც ეკრანებზე 1964 წელს გამოსულმა ფილმმა – „ჯარისკაცის მამამ“ მოუტანა. სურათი ქართულ და საბჭოთა კინოკლასიკად იქცა.

შედევრის ისტორია

„ჯარისკაცის მამის“ ისტორია 1961 წელს დაიწყო, როდესაც რეზო ჩხეიძე სხვა ფილმს „ზღვის ბილიკს“ იღებდა. ახალგაზრდა სცენარისტმა სულიკო ჟღენტმა რეჟისორს რაღაც სცენარის მონახაზი შეაჩეჩა.

შინისკენ ტროლეიბუსით მიმავალ რეზო ჩხეიძეს მეგობრის თხოვნა გაახსენდა და ხელნაწერისთვის თვალის გადავლება გადაწყვიტა… და სანამ ბოლომდე არ ჩაიკითხა, თავი ვეღარ ასწია. ამასობაში ტროლეიბუსმა რამდენიმე წრის გაკეთება მოასწრო.

ეს იყო მოხუცი გლეხის ისტორია, რომელიც დაჭრილი შვილის სანახავად გაემგზავრა და განგების ნებით ჯარისკაცად იქცა. რეზო ჩხეიძემ სცენარის კითხვა დაამთავრა და უკვე იცოდა, როგორი უნდა ყოფილიყო მისი გმირი: თავდაჯერებული, ძლიერი, კეთილშობილი და საყვარელი მოხუცი — არაჩვეულებრივი იუმორითა და თვალებში მოკიაფე ცეცხლით… რეჟისორს ასეთი მხოლოდ ერთი მსახიობი ეგულებოდა საქართველოში — სერგო ზაქარიაძე.

© РИА Новостиკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე

მეორე დღეს კინოსტუდიაში მისული რეზო ჩხეიძე სასწრაფოდ შეხვდა ბატონ სერგოს. მსახიობმა სცენარის კითხვა დაიწყო, რეჟისორი კი მის სახეს აკვირდებოდა და ხვდებოდა, რომ გმირი ნაპოვნი ჰყავდა.

კინოსტუდიის ხელმძღვანელობამ თავიდან მხარი არ დაუჭირა ჩხეიძის გადაწყვეტილებას — ზაქარიაძეში უფრო თეატრის მსახიობს ხედავდნენ, მაგრამ მას თავად სცენარისტი სულიკო ჟღენტი გამოესარჩლა და შეძლო კიდეც ყველას დარწმუნება, რომ სერგო ზაქარიაძე ძალიან ჰგავდა პროტოტიპს.

პროტოტიპი კი გურჯაანელი ხანშიშესული ჯარისკაცი იყო, რომელიც სულიკო ჟღენტთან ერთად ერთ ნაწილში იბრძოდა. მიუხედავად ასაკისა, კახელი ჯარისკაცი დიდი ძალის პატრონიც ყოფილა, ბრძენიც და საოცრად იმედიანიც, რასაც არაერთხელ გადაერჩინა ისიც და სხვისთვისაც უამრავჯერ ჩაესახა იმედი. მოხუც ჯარისკაცს პირტიტველა ბიჭები ეცოდებოდა, მათ ტყვიამფრქვევს მხარზე გაიდებდა და თავად დაატარებდა რამდენიმე კილომეტრზე. ნაწილში ყველას უყვარდა, რადგან ჯარისკაცებს მამას უცვლიდა, ამხნევებდა და ტყვიისგან იცავდა. სულიკო ჟღენტმა სცენარში მისი ნამდვილი სახელი და გვარი შეინარჩუნა — გიორგი მახარაშვილი.

ბატონი სულიკო იხსენებდა, როგორ გააღვიძა ერთ დღეს მძინარე ჯარისკაცები ქართულმა სიმღერამ: გიორგი მახარაშვილი მღეროდა, ხიშტით მიწას თხრიდა და ხორბალს თესავდა — გაგანია ომში!

კახელი მახარაშვილი, თურმე, თავად ბატონ სულიკოზეც ზრუნავდა, რომელიც 16 წლისა მოხალისედ წასულიყო ფრონტზე, საზღვაო–სადესანტო ნაწილში ემსახურა, დაჭრილიყო და ოთხი მედლითაც დაეჯილდოებინათ. როდესაც მამას შეატყობინეს, რომ მისი ვაჟი ჰოსპიტალში იწვა, ყველაფერი მიეტოვებინა და დაჭრილი შვილის სანახავად გამგზავრებულიყო, მაგრამ სულიკო ჟღენტისთვის ლაზარეთში ვეღარ მიესწრო. სწორედ ეს რეალური ისტორია დაედო საფუძვლად ფილმს „ჯარისკაცის მამა“.

© photo: Sputnikსერგო ზაქარიაძე და რეზო ჩხეიძე გადასაღებ მოედანზე
სერგო ზაქარიაძე და რეზო ჩხეიძე გადასაღებ მოედანზე - Sputnik საქართველო
სერგო ზაქარიაძე და რეზო ჩხეიძე გადასაღებ მოედანზე

სხვათა შორის, ფილმის გადამღებ ჯგუფში ბევრი თავად იყო ომგამოვლილი: სულიკო ჟღენტი ყირიმსა და ჩრდილოეთ კავკასიაში იბრძოდა, ოპერატორები არჩილ ფილიპაშვილი — ქერჩში, ლევ სუხოვი — უკრაინაში.

ფილმის სამხედრო კონსულტანტად 75 წლის გენერალ–ლეიტენანტი ივან ვლადიმიროვი შეარჩიეს, ყოფილი არტილერისტი, ბალტიის მესამე ფრონტის მებრძოლი, რომელმაც ბრწყინვალედ იცოდა ომი.

სწორედ მისი დაჟინებული მოთხოვნით მიმდინარეობდა გადაღებები მოსკოვიდან 90 კილომეტრში, ნარო–ფომინსკის რაიონში, სადაც თავის დროზე ფრონტის ხაზი გადიოდა. „გერმანულ ნატურას“ რიგასა და ყოფილ კენიგსბერგში — კალინინგრადში იღებდნენ. „მოსფილმი“ ძალიან დაეხმარა ჯგუფს რეკვიზიტების მხრივ.

© РИА Новостиსერგო ზაქარიაძე ფილმში "ჯარისკაცის მამა"
სერგო ზაქარიაძე ფილმში ჯარისკაცის მამა - Sputnik საქართველო
სერგო ზაქარიაძე ფილმში "ჯარისკაცის მამა"

გადამღებ ჯგუფში ყველამ იცოდა, რომ ზაქარიაძე საოცრად ელოლიავებოდა თავის გმირს და ყველაფერს ზედმიწევნით, გულმოდგინედ აკეთებდა. ფილმში არის სცენა, სადაც მახარაშვილი სხვა მებრძოლებთან ერთად მიფორთხავს მიწაზე. თურმე ეს მანძილი ბატონ სერგოს ისე სწრაფად დაუფარავს, რომ თვალის დახამხამებაში გაჩენილა ფინალურ წერტილზე და პირდაპირ კამერაში ჩაუძახია „ურაააა!“ არადა ის ამ დროს 55 წლისა იყო.

ფილმის გადაღების დამთავრება სერგო ზაქარიაძეს მტკივნეულად განუცდია — საყვარელ გმირთან, გიორგი მახარაშვილთან განშორება ძალიან გასჭირვებია.

ამას კიდევ ერთი დარტყმა მოჰყვა — საბჭოთა კავშირის კინემატოგრაფიის მინისტრმა ალექსეი რომანოვმა ღიად მიანიშნა, რომ სურათი ცენზურას ვერ გაივლიდა და საბჭოთა არმია მას ვერ ნახავდა. სკანდალი იმ ეპიზოდს უკავშირდებოდა, სადაც ჯარისკაცი გიორგი მახარაშვილი სახეში ურტყამს ოფიცერს, რომელმაც ვენახს ტანკით გადაუარა. რომანოვი ამ სცენაში საბჭოთა არმიის წესდებით გათვალისწინებული ურთიერთობებისთვის ძირგამომთხრელ ნაბიჯებს ხედავდა.

© Михаил Озерскийკადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"
კადრი ფილმიდან ჯარისკაცის მამა - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ჯარისკაცის მამა"

 

მაგრამ რამდენიმე დღის შემდეგ ფილმმა დიდი წარმატებით "გაიარა“ თავდაცვის სამინისტრო — სამხედროები ტიროდნენ და ტაშს უკრავდნენ. ხოლო ფრაზა Никто не может научить меня воевать. Мой отец воевал, его отец — воевал, его, его, его отец — воевал! ელვისებურად გავრცელდა ჯარში. საბოლოოდ ფილმი საბჭოთა არმიისა და სამხედრო–საზღვაო ფლოტის პოლიტსამმართველოს ხელმძღვანელმა, გენერალმა ევგენი ვოსტოკოვმა იხსნა. სწორედ მისი ხელშეწყობით გამოვიდა ფილმი ფართო ეკრანებზე ზემოთ აღნიშნული ეპიზოდიანად.

„ჯარისკაცის მამა“ პირველად 1965 წლის 9 მაისს აჩვენეს ეკრანებზე. ფინალურ სცენაში, სადაც გიორგი მახარაშვილი მკვდარ შვილს დასტირის და სულისშემძვრელ სიტყვებს ეუბნება, „დედაშენს რა ვუთხრა, შვილო?!“ მთელი დარბაზი გულამოსკვნილი ქვითინებდა.  

„ჯარისკაცის მამას“ განსაცვიფრებელი წარმატება მოჰყვა არა მხოლოდ საბჭოეთში, არამედ უცხოეთშიც. ფილმმა რამდენიმე ჯილდო მიიღო, მათ შორის, „კაპიტოლიუმის იუპიტერი“. თუმცა რეზო ჩხეიძის აღიარებით, ფილმზე საუკეთესო გამოხმაურება — ეს ის წერილი იყო, რომელიც სევასტოპოლიდან მიეღო. ავტორი წერდა, ამას წინათ ერთი ახალგაზრდა კაცი მილიციაში მოვიდა და ქურდობა აღიარა, როდესაც ჰკითხეს, ამას რატომ აკეთებო, თქვა, სწორედ ახლა ვნახე ფილმი „ჯარისკაცის მამა“ და გადავწყვიტე, დღეიდან პატიოსნად უნდა ვიცხოვროო.

© Сергей Пятаковკინორეჟისორი რეზო ჩხეიძე
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი რეზო ჩხეიძე

ფილმმა საქვეყნო აღიარება მოუტანა სერგო ზაქარიაძესაც. მან რამდენიმე პრესტიჟული ჯილდო მიიღო „მამაკაცის საუკეთესო როლისთვის“, ტომრებით მისდიოდა წერილები ჯარისკაცებისგან, ხოლო დედები რჩევას ეკითხებოდნენ, როგორ აღეზარდათ შვილები ნამდვილ კაცებად და გმირებად.

ახლა კახეთში, ნამდვილი გიორგი მახარაშვილის მშობლიურ სოფელში ჯარისკაცის მამის ძეგლი დგას. მოხუც მებრძოლს ხელებზე დაღუპული შვილის სამხედრო მუზარადი და მოსასხამი უსვენია და თავაწეული გასცქერის სივრცეს. ხოლო ბარელიეფზე ომში დაღუპული ყველა მკვიდრის სახელი და გვარია ამოტვიფრული… აქედან უმრავლესობა მახარაშვილია.

© РИА Новостиკადრი ფილმიდან "ნერგები"
კადრი ფილმიდან ნერგები - Sputnik საქართველო
კადრი ფილმიდან "ნერგები"

ბრძოლაში გამარჯვებული

„ჯარისკაცის მამის“ შემდეგ რეზო ჩხეიძემ გადაიღო ფილმები: „ნერგები“  — მთავარ როლში რამაზ ჩხიკვაძე, და „დონ კიხოტისა და სანჩოს ცხოვრება“ — მთავარ როლში კახი კავსაძე. 1973 წელს კი კინოსტუდია „ქართული ფილმის“ დირექტორი გახდა.

ხელმძღვანელობა ურთულეს პერიოდში მოუწია — ტოტალური ცენზურის ეპოქაში, რასაც ბატონი რეზო ყველა დაშვებული და დაუშვებელი გზითა და ხერხით ებრძოდა. თითოეულ ქართულ ფილმს მთასავით ეფარებოდა და რომ არა ის, სამყარო ქართული კინემატოგრაფიის საგანძურის ნახევარსაც ვერ იხილავდა.

რეზო ჩხეიძეს მთელი ცხოვრების განმავლობაში გვერდში ედგნენ და მასთან ერთად ქმნიდნენ კინოხელოვნების ნიმუშებს თენგიზ აბულაძე, ოთარ იოსელიანი, ელდარ და გიორგი შენგელაიები, მიხეილ კობახიძე, ნანა მჭედლიძე, ალექსანდრე რეხვიაშვილი, ლანა ღოღობერიძე…

© Галина Кмитკინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე - Sputnik საქართველო
კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე

კინორეჟისორი ლანა ღოღობერიძე ამბობს, ჯერ კიდევ მოსკოვის კინოინსტიტუტში სწავლისას ინტუიციურად ვხვდებოდი, რომ რეზო ახალი ქართული კინოს მამამთავარი გახდებოდაო.

„მთელი ჩვენი ცხოვრება, ჩვენი თაობის ცხოვრება — ეს იყო ბრძოლა ახალი ქართული კინოსთვის ადგილის დასამკვიდრებლად. ეს ძალიან რთული იყო, ვინაიდან ამას მთელი საბჭოთა სისტემა — ცენზურა ებრძოდა. და მაინც რეზო ყოველთვის პირველი იყო და პირველ რიგებში იდგა. ის მოწოდებით ლიდერი, ხელმძღვანელი იყო — მე ვიტყოდი, ავტორიტარული, პრინციპული და კაპრიზულიც. მაგრამ მთავარი ისაა, რომ ის მუდამ მაღალ იდეალებს ემსახურებოდა“, — აღნიშნავს ქალბატონი ლანა.

რეზო ჩხეიძე ყოველთვის ეხმარებოდა ახალგაზრდა კინორეჟისორებს ფეხზე დადგომაში. ქართული კინო, როგორც ფენომენი, ბევრ რამეში სწორედ მისი წყალობით შედგა. ის იყო გულწრფელი, გახსნილი ადამიანი, უყვარდა კამათი და ყოველთვის წვდებოდა ჭეშმარიტებას.

„რეზო გამუდმებით ლაპარაკობდა ტელეფონზე. თათბირზე, კრებასა თუ ლიტერატურულ საბჭოზე, რომლებიც მის კაბინეტში იმართებოდა, უცბად წამოხტებოდა და ტელეფონზე ლაპარაკს იწყებდა — ხან ქალიშვილთან, ხან შვილიშვილთან, რომელიც არანორმალურად უყვარდა. კინოსტუდიაში ანეკდოტიც კი დადიოდა, თუ გინდა რეზოსთან დალაპარაკება მოახერხო, კი არ უნდა მიხვიდე, უნდა დაურეკოო“, — იხსენებს ქალბატონი ლანა.

© Галина Кмитფილმი "დონ კიხოტი"
ფილმი დონ კიხოტი - Sputnik საქართველო
ფილმი "დონ კიხოტი"

და, კიდევ, თუ რეზო ჩხეიძეს რაიმეს გაკეთება სურდა, საქმეს მთელი არსებით ეძლეოდა. მასთან ურთიერთობა ყოველთვის ძალიან საინტერესო იყო, „იმიტომ, რომ ეს იყო კაცი, რომელსაც ჩანაფიქრისთვის ხორცის შესხმა შეეძლო და საქმეს მგზნებარედ ეკიდებოდა… ეს კი ყოველთვის საინტერესო იყო და, ბოლოს და ბოლოს, ასე ცხოვრებაც უფრო იოლია“, — ამბობს ლანა ღოღობერიძე.

ქალბატონი ლანა რეზო ჩხეიძეს „ბერმუხას“ უწოდებს, იმიტომ რომ მან მართლაც ბერმუხასავით ღრმად გაიდგა ფესვები მშობლიურ მიწაში და კიდევ ასწლეულების განმავლობაში მყარად იდგება ფეხზე.

გამოჩენილი ქართველი რეჟისორი ერთი წლის წინ წავიდა ჩვენგან — 2015 წლის 3 მაისს, სწორედ მაშინ, როცა მუხა ყვავის — ბატონი რეზოსავით ფესვმაგარი და შეუპოვარი. 

ყველა ახალი ამბავი
0