თბილისი, 8 მაისი — Sputnik. ნაციონალური საკალათბურთო ასოციაცია (NBA) და საქართველოს კალათბურთის ეროვნული ფედერაცია ურთიერთთანამშრომლობის ფარგლებში იწყებენ ტურნირს სახელწოდებით „JR.NBA — GBF ლიგა", აღნიშნულია საქართველოს სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს ვებგვერდზე განთავსებულ განცხადებაში.
ტურნირს აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის საგანმანათებლო და კულტურული ურთიერთობების ბიურო და საქართველოში აშშ-ის საელჩო დააფინანსებენ.
6 მაისს, ახალ სპორტის სასახლეში ტურნირის მონაწილე გუნდების კენჭისყრა გაიმართა.
პირველი „JR.NBA — GBF ლიგა" ჩატარდება 6 ქალაქში: ბათუმი, გორი ქუთაისი, თბილისი, თელავი, რუსთავი და მოიცავს 30 საკალათბურთო სკოლას.
ამ თანამშრომლობის ფარგლებში ამერიკის საელჩოსთან ერთად, აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი მხარს დაუჭერს Jr.NBA-ს ლიგის ჩამოყალიბებას, რომელიც სათავეს უდებს ახალ ინიცივატიას და თანამშრომლობას NBA-სა და აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტს შორის.
JR.NBA გოგონათა და ვაჟთათვის კალათბურთის ლიგის გლობალური ახალგაზრდული პროგრამა მოიცავს ფუნდამენტურ საფუძვლებს, ასევე თამაშის მთავარ ფასეულობებს, რომლებიც, თავის მხრივ, ეხმარება მომავალ კალათბურთელებს, ასევე მწვრთნელებსა და მშობლებს, გაიღრმავონ სათამაშო ცოდნა და გამოცდილება.
NBA მოგვიანებით უხელმძღვანელებს კემპს ზაზა ფაჩულიასთან ერთად, რომელიც „დალას მავერიქსის" ღირსებას იცავს. ტურნირი 2004-2005 წელს დაბადებულ ბავშვთა შორის გაიმართება როგორც ვაჟებით, ისე გოგონათა მიერ დაკომპლექტებულ გუნდებს შორის.