თბილისი, 19 აგვისტო — Sputnik. საქართველოს კალათბურთის ნაკრების კაპიტანი და „დალას მავერიქსის“ ცენტრალური მოთამაშე ზაზა ფაჩულია თბილისში NBA-ს სტანდარტების საკალათბურთო აკადემიას ხსნის. აკადემია სპორტული ბაზის ტერიტორიაზე გაიხსნება, რომელიც ფაჩულიას 50 წლის ვადით გადაეცა. აღნიშნული გადაწყვეტილება სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტრომ და საქართველოს მტავრობამ მიიღო.
შეთანხმებით, აკადემია მოამზადებს ბავშვებს კლუბებისათვის, სხვადასხვა ასაკობრივი კატეგორიის ნაკრებებისათვის და საქართველოს ეროვნული გუნდისათვის.
აკადემიაში ასევე გაიხსნება მსაჯების კურსები NBA-ს სტანდარტებით, რომელსაც ამერიკელი და თურქი სპეციალისტები ჩაატარებენ.
თბილისში წერეთლის 105 —ში განთავსებული ბაზის ტერიტორიაზე კალათბურთის ოთხი მოედანია, სპორტსმენებისთვის საცხოვრებელი ნომრები და მანეჟი, რომელშიც განთავსდება ტერნაჟორები და სხვა სპორტული ინვენტარი.
ფაჩულია თვლის, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება დადებითად იმოქმედებს კალათბურთის განვითარებაზე საქართველოში.