თბილისი, 7 მაისი – Sputnik. კიკვიძის სახელობის პარკში მელიტონ ქანთარიას მონუმენტი დაიდგმება, იუწყება საერთაშორისო კავშირ „გამარჯვების მემკვიდრეების“ თავმჯდომარე ოლეგ ჯოლიაზე დაყრდნობით სააგენტო „ინტერპრესნიუსი“.
გავრცელებული ინფორმაციით, მონუმენტის გახსნის ცერემონია „გამარჯვების მემკვიდრეებისა“ და მელიტონ ქანთარიას ოჯახის წევრების ორგანიზებით, 10 მაისს, 10:00 საათზე გაიმართება.
„მონუმენტის ავტორია მოქანდაკე რომან შეროზია. მისი დადგმა დამტკიცებულია კულტურის სამინისტროს სამხატვრო საბჭოს მიერ. მონუმენტის დადგმაზე გადაწყვეტილება თბილისის მერიამ და კულტურის სამინისტრომ მიიღეს“, — განაცხადა ოლეგ ჯოლიამ.
მელიტონ ქანთარია მეორე მსოფლიო ომში მზვერავი იყო. ის მონაწილეობდა მდინარეების ვისლასა და ოდერის, ნეისესა და შპრეეს გადალახვაში, დუბლინის, ლატვიის და ბელარუსის განთავისუფლებისათვის მიმდინარე ბრძოლებში. ომის დროს იდრიცკის კუტუზოვის ორდენოსანი 150-ე მსროლელი დივიზიის 776-ე მსროლელი პოლკის მამაცი მზვერავი სამჯერ იქნა მძიმედ დაჭრილი.
1945 წელს უმცროსმა სერჟანტმა მელიტონ ქანთარიამ და უფროსმა სერჟანტმა მიხაილ ეგოროვმა რაიხსტაგზე გამარჯვების დროშა აღმართეს.
საბჭოთა კავშირის უმაღლესი საბჭოს პრეზიდიუმის 1946 წლის 8 მაისის ბრძანებულებით, მელიტონ ქანთარიას საბჭოთა კავშირის გმირის წოდება მიენიჭა.