თბილისი, 6 მაისი — Sputnik. გამარჯვების დღესთან დაკავშირებით საქართველოს რუს თანამემამულეთა კავშირმა „ოტჩიზნამ“ გუშინ ტრადიციული აქცია „ავტომატარებელი ხსოვნა“ ჩაატარა. აქციის მონაწილეები თბილისსა და კახეთში მეორე მსოფლიო ომთან დაკავშირებულ ადგილებს ეწვივნენ.
მკერდზე მედლებით დამშვენებული მეორე მსოფლიო ომის ვეტერანები, ფორმიანი ჯარისკაცები, ახალგაზრდები წითელი არმიის ფორმით — ყველა ერთად კუკიის სასაფლაოზე საბრძოლო დიდების ობელისკისკენ გაემართა.
ისეთივე ამინდია, როგორც 1945 წლის 9 მაისს იყო — მზე ანათებს, უღრუბლო და ლურჯი ცაა, გაიხსენა ერთ-ერთმა ვეტერანმა.
სასაფლაოს შესასვლელთან დგას საბრძოლო თვითმავალი ტანკსაწინააღმდეგო ქვემეხი წარწერით „სამშობლოსთვის!“.
აქ მეორე მსოფლიო ომის დროიდან ერთ-ერთი დიდი სამხედრო სასაფლაოა. აქ დიადი გამარჯვებისთვის მებრძოლები განისვენებენ, იქვეა აღმართული საბრძოლო დიდების ობელისკი.
ახალგაზრდებმა მეგობრობის სიმბოლო – წითელი მიხაკებისგან დაწნული გვირგვინებით ობელისკის კვარცხლბეკი შეამკეს. სწორედ მეგობრობამ და გულწრფელობამ შეაძლებინა მსოფლიო ომის დროს ჯარისკაცებს, ოფიცრებსა და გენერლებს, გამოეჩინათ სიმამაცე, გაემარჯვებინათ და გაეთავისუფლებინათ ქვეყანა ფაშისტი დამპყრობლებისგან.
„ასეთი დღესასწაულის მოწყობის იდეა შვიდი წლის წინ გაჩნდა. სამწუხაროდ, ვეტერანები სულ უფრო ცოტანი არიან. მაგრამ ყველას, ვინც ცოცხალია, შეუძლია ჩვენთან ერთად წამოსვლა, თუმცა დღეს ჩვენთან დაახლოებით 20 ვეტერანია. აუცილებელია, ეს დიდი დღესასწაული — გამარჯვების დღე გვახსოვდეს“, — განაცხადა „ოტჩიზნას“ პრეზიდენტმა ვალერი სვარჩუკმა Sputnik-თან საუბრისას.
ახალგაზრდობას უნდა ახსოვდეს, რამდენი დანაკარგი და საშინელება დაატყდა მაშინ საბჭოთა ხალხს, აღნიშნა მან. ის მსხვერპლი ადამიანების გულებში ცოცხლობს.
შემდეგი გაჩერება პეტრე-პავლეს სასაფლაოა. გრძელ ხეივანს ვეტერანები და პატარა ბავშვები ერთად გადიან. ასეთი სურათის ხილვა სასიამოვნო და ამაღელვებელია.
მეორე მსოფლიო ომის მემორიალს კვლავ გვირგვინებით ამკობენ. სამხედრო ფორმაში გამოწყობილი ქალები ასრულებენ სიმღერებს: "День Победы", "Катюша", "Журавли" …
„ავტომატარებლის“ შემდეგი გაჩერება პატარძეულშია (კახეთი). აქაა ომში დაღუპულთა მემორიალი, რომელზეც სტალინის სიტყვებია ამოტვიფრული. იქვეა არქიტექტორ რევიშვილის „გმირთა სავანე“.
ავტოკოლონა დაიძრა. ის ახლა გურჯაანში — რეზო ჩხეიძის ფილმის „ჯარისკაცის მამის“ გმირის ძეგლისკენ მიემართება. აღსანიშნავია, რომ წინა წლებში ამ აქციებში თავად რეჟისორიც მონაწილეობდა. წელს მის ხსოვნას პატივი მიაგეს.
გამარჯვების დღე მხოლოდ დღესასწაული არ არის — ეს ასევე დიდი გლოვის დღეა. მილიონობით ადამიანი დაიღუპა ფრონტზე, ზურგში, საკონცენტრაციო ბანაკებში… უნდა გვახსოვდეს, რომ ეს საამაყო გამარჯვება ძალზე ძვირად გვერგო.