თბილისი, 7 მაისი – Sputnik. თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი სასამართლომ 250-ლარიანი ჯარიმის სანაცვლოდ გაათავისუფლა. დანარჩენი 3 დაკავებულის სასამართლო პროცესი გრძელდება, იუწყება ქართული მედია.
„ეტყობა, ივანიშვილს 250 ლარი დააკლდა და მე მახდევინებენ.ვიჯექი ამ პროცესზე და ვფიქრობდი, სააკაშვილის დროს ხან გუდიაშვილის მოედანზე ვჩხუბობდი, ხან მირზა შაფის ქუჩაზე და მაშინ არავის დავუკავებივარ და ახლა, ეტყობა, გასაოცარი დემოკრატია გვაქვს. ბიძინა ივანიშვილმა ის ტერიტორია ქალაქს უნდა დაუბრუნოს. მე გავაკეთებ ყველაფერს, რომ ამას მივაღწიო“, — განუცხადა ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ს ელისაშვილმა.
დღეს, საქართველოს ექს-პრემიერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ბიძინა ივანიშვილისათვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა და „პანორამა თბილისის“ მშენებლობა გააპროტესტეს. ისინი იმ ტერიტორიაზე შესვლას ცდილობდნენ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს.
აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავა.
დღეს გამართულ სასამართლო პროცესზე ალეკო ელისაშვილს, კონსტანტინე გურულსა და ირაკლი კიკილაშვილს — თითოეულს 250-ლარიანი ჯარიმის გადახდა დაეკისრათ. დანარჩენი დაკავებულების საქმეზე სასამართლო 10 მაისს იმსჯელებს.
!-- —>
!-- —>