თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს ექს-პრემიერ, მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სახლთან არასამთავრობო ორგანიზაციებისა და ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებმა აქცია გამართეს და ბიძინა ივანიშვილისათვის ბოტანიკური ბაღის გადაცემა და „პანორამა თბილისის“ მშენებლობა გააპროტესტეს.
აქციის მონაწილეები იმ ტერიტორიაზე შესვლას შეეცადნენ, სადაც „პანორამა თბილისის“ მშენებლობა მიმდინარეობს, რისი უფლებაც მათ ადგილზე მობილიზებულმა სამართალდამცველებმა არ მისცეს. აქციაზე პოლიციამ ექვსი პირი, მათ შორის თბილისის საკრებულოს დამოუკიდებელი დეპუტატი ალეკო ელისაშვილი დააკავა, იუწყება სააგენტო "ინტერპრესნიუსი".
როგორც შს სამინისტროში აცხადებენ, დაკავებულთა წინააღმდეგ საქმე ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლითა (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლით, რაც პოლიციელისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.
გარდა ამისა, აქციაზე დაზიანდა საპატრულო პოლიციის ავტომანქანა და აღნიშნულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება სსსკ-ის 187-ე მუხლით, რაც სხვისი ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა შს სამინისტროსთან გადაინაცვლეს. მათი განმარტებით, აქციის მონაწილეთა დაკავება უკანონოდ მოხდა.