თბილისი, 7 მაისი – Sputnik. შოთა რუსთაველის უკვდავი პოემა „ვეფხისტყაოსანი“ - მსოფლიო ლიტერატურის ერთი-ერთი შედევრი — კორეულ ენაზე ითარგმნა, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
პოემა ქ.სეულში იონსეს უნივერსიტეტის პროფესორმა ჩო ჯუ-კვანმა თარგმნა, რომელიც ნაწარმოებზე ათი წლის განმავლობაში მუშაობდა. თარგმნის პროცესში კორეელ პროფესორს კონსულტაციებსა და დახმარებას უწევდა აღმოსავლეთმცოდნე, პროფესორი გურამ ჩიქოვანი და ქ. სეულის ჰანკუკის უცხო ენათა უნივერსიტეტის ქართველი მაგისტრანტი, რუსუდან ფირცხალავა.
ჩო ჯუ-კვანი ახლო მომავალში „ვეფხისტყაოსანზე“ საკუთარი კვლევითი ნაშრომის გამოქვეყნებას გეგმავს.
წელს საქართველოში შოთა რუსთაველის 850 წლის იუბილის აღსანიშნავად საზეიმო ღონისძიებებია დაგეგმილი.
„ვეფხისტყაოსანი“ ქართული კულტურის უკვდავი ძეგლია, პოემა პირველად თბილისში 1712 წელს დაიბეჭდა. ის მსოფლიოს 50-ზე მეტ ენაზეა თარგმნილი.