თბილისი, 7 მაისი – Sputnik. საქართველოს სრული უფლება აქვს დამოუკიდებლად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და თავის ტერიტორიაზე გამართოს სწავლებები, ნათქვამია საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.
რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ 11-26 მაისს ვაზიანის სამხედრო პოლიგონზე დაგეგმილ ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016"-ს პროვოკაციული უწოდა. ოფიციალური მოსკოვი მიიჩნევს, რომ აღნიშნული წვრთნები „მიმართულია კავკასიის რეგიონში სამხედრო-პოლიტიკური ვითარების შეგნებულად გამწვავებისკენ“.
„საქართველო — დამოუკიდებელი და სუვერენული სახელმწიფოა, რომელსაც აქვს უფლება თავის ტერიტორიაზე გამართოს ნებისმიერი სახის სწავლება. ამასთან, საქართველოს სუვერენული უფლებაა თავად განსაზღვროს სამხედრო სფეროში პარტნიორი ქვეყნები და მათთან თანამშრომლობის ფორმები“, — აღნიშნულია უწყების განცხადებაში.
დაგეგმილი სამხედრო წვრთნები არ არის მიმართული რომელიმე ქვეყნის წინააღმდეგ, განმარტავენ სამინისტროში.
„ავკასიის რეგიონში სტაბილურობის შენარჩუნება პირველ რიგში საქართველოს ინტერესებში. ჩვენი არაერთხელ გაცხადებული პოზიციაა და მიზანია, რომ როგორც საქართველოში, ასევე, რეგიონში არსებული ყველა კონფლიქტი მოგვარდეს მშვიდობიანი გზით“, — აცხადებს საგარეო უწყება.
ქართულ-ამერიკული სამხედრო სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2016“ (Nobel Partner) ვაზიანში გაიმართება. სწავლება ითვალისწინებს ისეთ სამხედრო ოპერაციებს, როგორიცაა შეტევა და თავდაცვა.
სწავლებაში მონაწილეობას მიიღებს 500 ქართველი სამხედრო, 650 აშშ-ის არმიის ევროპული სარდლობის სამხედრო და 150 სამხედრო მოსამსახურე დიდი ბრიტანეთიდან.