თბილისი, 7 მაისი – Sputnik. პოლიციამ საერთაშორისო საქველმოქმედო მარათონ WINGS FOR LIFE WORLD RUN-ის გამართვასთან დაკავშირებით, კახეთში სატრანსპორტო მოძრაობა შეზღუდა.
დილის 10:00 საათიდან 19:00 საათამდე, კახეთში, თიანეთი-ახმეტა-ყვარელი-ნინიგორის საავტომობილო გზის 69-118-ე კმ-ზე ყველა სახის საავტომობილო ტრანსპორტისთვის მოძრაობა შეიზღუდება, ნათქვამია საქართველოს შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
საპატრულო პოლიციამ მარათონის სასტარტო ადგილის სიახლოვეს აქციის მონაწილეებისა და სტუმრების კუთვნილი ავტომობილებისთვის პარკინგის ადგილი გამოყო.
საქველმოქმედო მარათონს საქართველო მესამედ უერთდება. ღონისძიება თელავი-ყვარელის გზის მეათე კილომეტრზე, ლოპოტას ტბის სიახლოვეს, 15:00 საათზე დაიწყება.
ღონისძიებაში მონაწილეობის მიღება ფასიანია — 30 ლარი. რეგისტრაცია 5 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა. შეგროვილი თანხა ძვლის ტვინის ტრანსპლანტაციის ფონდს გადაეცემა.
გასულ წელს საქართველოში 100 ათასი ლარი შეგროვდა.
WINGS FOR LIFE WORLD RUN-ის უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მასში არც ფინიშის ხაზი და არც განსაზღვრული დროა მითითებული. არსებობს მხოლოდ ერთიწ ესი: მორბენალს არ უნდა დაეწიოს „ფინიშის-მანქანა“, რომელიც დისტანციაზე მარათონის დაწყებიდან 30 წუთის შემდეგ გამოჩნდება და 15-25 კმ/სთ სიჩქარით იმოძრავებს.
მარათონი ორ გამარჯვებულს — ქალი და მამაკაცი — გამოავლენს, რომლებიც მარათონის ბოლო მონაწილეები აღმოჩნდებიან. მათ შესაძლებლობა მიეცემათ WINGS FOR LIFE WORLD RUN 2017-ის მარათონში პლანეტის ნებისმიერ ადგილზე მიიღონ მონაწილეობა.