თბილისი, 6 მაისი — Sputnik. სპეციალური კომისია პერსონალურ მონაცემთა ახალი ინსპექტორის შერჩევას შეუდგა, ვინაიდან თამარ ქალდანს უფლებამოსილების ვადა ეწურება.
პრემიერ–მინისტრის ბრძანება კომისიის შექმნის თაობაზე მთავრობის ოფიციალურ ვებ-გვერდზეა გამოქვეყნებული.
თამარ ქალდანი საქართველოში პერსონალურ მონაცემთა პირველი დამცველია, რომელმაც ეს თანამდებობა 2013 წელს ჩაიბარა.
ინსპექტორის უფლებამოსილებაში შედის ყველა სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებაში პირადი მონაცემების დამუშავებაზე კონტროლი. ის აგრეთვე თვალყურს ადევნებს, რომ პირადი ინფორმაცია უცხო ხელში არ მოხვდეს.
პერსონალურ მონაცემთა ინსპექტორი არ ექვემდებარება არც ერთ თანამდებობის პირსა და სახელმწიფო ორგანოს.
პერსონალური მონაცემების დამცველი შეიძლება გახდეს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც ექნება იურიდიული განათლება და ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში მუშაობის მინიმუმ ხუთწლიანი გამოცდილება.
კომისიამ ორიდან ხუთამდე კანდიდატი უნდა შეარჩიოს და პრემიერ–მინისტრს წარუდგინოს. ეს უკანასკნელი კი პარლამენტს უკვე ორ კანდიდატს წარუდგენს დასამტკიცებლად.
კომისიაში შედიან: იუსტიციის მინისტრი, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის საკითხებში საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი, უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარე, სახალხო დამცველის მოადგილე და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის დირექტორი.