თბილისი, 6 მაისი — Sputnik. კონცერნ „კალაშნიკოვის“ საფირმო განყოფილებები საქართველოსა და ყაზახეთის იარაღის მაღაზიებში 2017 წელს გაიხსნება, განუცხადა Sputnik–ს კონცერნის მარკეტინგის დირექტორმა ვლადიმირ დმიტრიევმა.
დმიტრიევმა განმარტა, რომ ერთნაირად გაფორმებულ განყოფილებებში სრულად იქნება წარმოდგენილი სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის ხაზი. ამასთან, საქართველო და ყაზახეთი პირველები მიიღებენ ხოლმე იარაღის ახალ მოდელებს. მსურველებს შეუძლიათ გარანტირებული ავტორიზებული სერვისითა და სარემონტო მომსახურებით ისარგებლონ.
საფირმო განყოფილებები თბილისსა და ასტანაში უკვე არსებული იარაღის მაღაზიების ბაზაზე გაიხსნება. მომავალში საბრენდო ზონების გახსნა ამ ქვეყნების სხვა ქალაქებშიც იგეგმება.
რუსეთის საბრძოლო ავტომატური და სნაიპერული იარაღის უმსხვილესმა მწარმოებელმა 2015 წელს იარაღის მაღაზიებთან პარტნიორული პროგრამა აამუშავა. ამ ეტაპზე პროგრამას უკვე შეუერთდნენ სომხეთი, აზერბაიჯანი, ყირგიზეთი და ბელარუსი.
„კალაშნიკოვი“ რუსული წარმოების ავტომატური იარაღის 90%-ს, ხოლო სნაიპერული იარაღის 95%-ს უშვებს, მათ შორის, საქვეყნოდ ცნობილ კალაშნიკოვის ავტომატს. კონცერნი აწარმოებს იარაღს სამართალდამცველი ძალებისთვის, სპორტულ–სამონადირეო იარაღს, საავიაციო ქვემეხებსა და აგრეთვე ზე-ზუსტ მართვად საარტილერიო ჭურვებს.