თბილისი, 6 მაისი — Sputnik. ვინ შევა ყოფილი მმართველი პარტიის „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ საარჩევნო სიაში, 10 დღეში გახდება ცნობილი, იუწყება ტელეკომპანია „რუსთავი2“.
მას შემდეგ, რაც პარტია მისმა ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ დატოვა, შედგა პოლიტსაბჭოს სხდომა, რომელიც 4 საათზე მეტხანს გაგრძელდა. შეხვედრის დასრულების შემდეგ ნაციონალური მოძრაობის წარმომადგენლებმა დანაცხადეს, რომ მასშტაბურ განახლებას გეგმავენ და რომ საარჩევნო სიაში ბევრი ახალი სახე იქნება.
მათ ასევე აღნიშნეს, რომ ვაშაძის პარტიიდან წასვლის საკითხი არ განუხილავთ.
ვაშაძემ, თავის მხრივ, წასვლის შესახებ განცხადების გაკეთებისას თანამებრძოლები „კაბინეტურ მმართველობაში“ დაადანაშაულა.
ახლა იგი ახალი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას აპირებს, რომლის მთავარი პრინციპი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების მოზიდვა, ახალი პოლიტიკური კულტურის დანერგვა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმების შემუშავება იქნება.
ნაცმოძრაობიდან ვაშაძის წასვლის შესახებ განცხადება საქართველოს ექს-პრეზიდენტმა, ამჟამად ოდესის ოლქის გუბერნატორმა მიხეილ სააკაშვილმაც გააკეთა.
"მიმაჩნია, რომ ნაციონალური მოძრაობის საპარლამენტო ფრაქციის ცალკეული წევრების დროდადრო ხმაურიანი წასვლა თავიდან ბოლომდე ოლიგარქ ივანიშვილის თამაშია. ეს სხვა არაფერია, თუ არა მანევრები ყურადღების გადასატანად და დაბნეულობის შესატანად ჩვენ მრავალრიცხოვან მხარდამჭერებში. ივანიშვილი დარწმუნდა, რომ ნაციონალური მოძრაობის ვერც განადგურება და ვერც ჩამოშლა ვერ შეძლო. ამიტომ ის ფინანსური და სხვა ბერკეტების გამოყენებით, ცალკე აღებული პიროვნებების გამოყოფითა და მათთვის ახალ-ახალი მოძრაობების დაფინანსებით მთავარი ოპოზიციური ცენტრის ნიველირებას ცდილობს. დარწმუნებული ვარ, რომ ამ ხრიკების მიუხედავად ნაციონალური მოძრაობა არჩევნებამდე დარჩენილ დროში მხოლოდ გაძლიერდება, შესაბამისად, ივანიშვილს და მის სატელიტებს დაამარცხებს“, — თქვა მიხეილ სააკაშვილმა.