თბილისი, 5 მაისი — Sputnik. „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გიორგი ვაშაძემ პარტიის რიგები დატოვა.
„ნაცვლად სიცოცხლისუნარიანი, ღია ორგანიზმისა, ჩვენ მივიღეთ დახურული კაბინეტური მმართველობის სისტემა, რომელიც მისი ბუნებიდან გამომდინარე თავადაა მოკავშირე ივანიშვილის მავნებლური მმართველობის და ემსახურება მხოლოდ პარტიის ერთი მცირე ჯგუფის პერსონალურ ინტერესებს“, — დაწერა ვაშაძემ საკუთარ ფეისბუქ–გვერდზე.
„კაბინეტურ მმართველობაში“ ვაშაძემ გიგა ბოკერია, დავით ბაქრაძე, მიხეილ მაჭავარიანი, ხათუნა გოგორიშვილი და გოკა გაბაშვილი დაადანაშაულა.
ახლა ვაშაძე საკუთარი პოლიტიკური მოძრაობის ჩამოყალიბებას გეგმავს, რომლის მთავარი პრინციპი ქართულ პოლიტიკაში ახალი სახეების მოზიდვა, ახალი პოლიტიკური კულტურის, იდეებისა და გადაწყვეტილებების მიღების ახალი მექანიზმების დანერგვა იქნება.