თბილისი, 5 მაისი — Sputnik. საქართველოში ფასები სურსათზე შემცირდა —მიმდინარე წლის აპრილში, 2016 წლის მარტთან შედარებით დეფლაციამ 0,6% შეადგინა, იტყობინება საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახური „საქსტატი“.
აპრილში ფასები სურსათსა და უალკოჰოლო სასმელებზე 0,7%-ით შემცირდა, კომუნალურ მომსახურებაზე — 0,4%-ით, ავეჯზე, საოჯახო საქონელზე, ოჯახის მოვლის საგნებზე — 1,3%-ით, ტანსაცმელსა და ფეხსაცმელზე — 0,6%-ით, განათლებაზე — 0,2%-ით, ჯანდაცვაზე — 1,9%-ით, მომსახურების სფეროზე, კაფე-რესტორნებში — 0,1%-ით.
აპრილში ფასები გაიზარდა მხოლოდ ალკოჰოლურ სასმელებსა და თამბაქოზე — 1,6%-ით. საანგარიშო პერიოდში ფასები კავშირგაბმულობაზე არ შეცვლილა.
2016 წლის აპრილში 2015 წლის აპრილთან შედარებით, ინფლაციის დონრმ საქართველოში 3,2% შეადგინა.
მსოფლიო სავალუტო ფონდი მიმდინარე წელს საქართველოში ინფლაციას პროგნოზირებს 4,3%-ის დონეზე. შეგახსენებთ, რომ საქართველოს ეროვნული ბანკის ინფლაციის სამიზნო მაჩვენებელი 2016 წელს 5%-ს შეადგენს, ხოლო ბიუჯეტი გათვლილია 4%-იან ინფლაციაზე.
2015 წელს ეროვნული ბანკის მიერ გატარებულმა მკაცრმა მონეტარულმა პოლიტიკამ, დადებითი გავლენა მოახდინა ინფლაციური მოლოდინების შემცირებაზე. მიმდინარე პროგნოზებით წლიური ინფლაცია შემდეგ კვარტალში ზომიერად დაიწევს და დროებით სამიზნე მაჩვენებელზე დაბალი იქნება, თუმცა წლის ბოლოს მას მიუახლოვდება. ინფლაციის დონის შემცირება ძირითადად დაკავშირებულია ინფლაციური მოლოდინების შემცირებასთან, ნათქვამია ეროვნული ბანკის მასალებში.