სოფელ ქანდის მოსწავლეები იესოს ენას შეისწავლიან

© photo: Sputnik / Бесик Пипияსკოლის მოსწავლეები
სკოლის მოსწავლეები - Sputnik საქართველო
გამოწერა
სოფელ ქანდაში ძირითადად ასურელები ცხოვრობენ, რომლებიც ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობენ.

თბილისი, 5 მაისი — Sputnik. მცხეთის რაიონის სოფელ ქანდის სახელმწიფო სკოლაში ახალი სასწავლო წლიდან ასირიული (არამეული) ენის სწავლება დაიწყება, განუცხადა Sputnik-ს სკოლის დირექტორმა ნანა ნაკანმა.

ქანდაში ძირითადად ასურელები (ასირიელები) ცხოვრობენ. სოფლის სკოლაში სულ 128 მოსწავლეა. არამეული ენის შესწავლას, რომელზეც, გადმოცემის თანახმად, იესო ქრისტე საუბრობდა, ბავშვები მეხუთე კლასიდან დაიწყებენ.

„არამეულ ენას სომხეთში, შვედეთსა და ამერიკაში საკვირაო სკოლებში ასწავლიან. საქართველოს განათლების სამინისტრო ქანდის სკოლისთვის სახელმძღვანელოს ამ ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით დაამტკიცებს. ჩვენი სკოლა საქართველოში ერთადერთი იქნება, სადაც არამეული ენის გაკვეთილები კვირაში ორჯერ ჩატარდება“, — აღნიშნა ნანა ნაკანმა.

სულიერი მამა სერაფიმ ბიტ-ხარიბი სოფელ ქანდაში - Sputnik საქართველო
უნიკალური სოფელი საქართველოში, რომელიც ქრისტეს ენაზე საუბრობს

ასირიული ენის მასწავლებლის თანამდებობაზე ერთ-ერთი პრეტენდენტია აღმოსავლეთმცოდნე-ასირიოლოგი ეკატერინე ბიტკაში.

„ასირიული, იგივე არამეული ენა სემიტურ ჯგუფს განეკუთვნება. ეს ერთ-ერთი უძველესი ენაა. მისი ანბანი 14 დამწერლობას შორის შედის. ამჟამად არამეული ენა სამ ნაწილად იყოფა — უძველესი, შუაარამეული და თანამედროვე. ის, რაზეც დღეს ქანდაში ვლაპარაკობთ, თანამედროვე არამეულია“, — განაცხადა ბიტკაშმა.

სიახლის დანერგვის მიზანი ასირიული ენის შენარჩუნებაა.

ამჟამად ქანდაში 2 ათასზე მეტი ასირიელი ცხოვრობს. ოჯახების უმრავლესობა შერეულია. ისინი ქართულ და არამეულ ენებზე საუბრობენ.

ასირიელებმა საქართველოში დასახლება პირველი გენოციდის — 1833 წლის შემდეგ დაიწყეს. მათი წინაპრები, ძირითადად, ირანიდან, ერაყიდან, თურქეთიდან და სირიიდან გადმოსახლდნენ.

ყველა ახალი ამბავი
0