თბილისი, 5 მაისი — Sputnik. რუსეთის კინოგაქირავებაში 2016 წლის 5 მაისიდან ქართული და ფრანგული კინოს კლასიკოსის ოთარ იოსელიანის კომედიური დრამა „ზამთრის სიმღერა“ გამოდის.
ეს ლეგენდარული ქართველი რეჟისორის ოთარ იოსელიანის მიერ ბოლო ხუთი წლის განმავლობაში გადაღებული პირველი ფილმის პრემიერა იქნება.
„ზამთრის სიმღერა — მახვილგონიერი სატირაა ორი ძველი მეგობრის თავგადასავალზე, ასევე ადამიანებისა და ეპოქების მსგავსებაზე. როგორც თავად სურათის ავტორი ამბობს, ”ზამთრის სიმღერა” ნებისმიერი რევოლუციისა და ქაოსის მიერ შექმნილ აბსურდულობას ეძღვნება.

„ზამთრის სიმღერა“ ქართულ-ფრანგული პროექტია. მასში მთავარი როლები მიშელ პიკოლიმ და პიერ ეტეკსმა შეასრულეს.
პროექტში აქტიური მონაწილეობა მიიღო ”საქართველოს რკინიგზამ” და საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ, რომელთა დახმარებითაც საომარი მოქმედებების ურთულესი სცენების გადასაღებად გამოიყო სამხედრო ტექნიკა და ქვეითთა ბატალიონი.
„ზამთრის სიმღერის“ პრემიერა საქართველოში 2015 წელს საავტორო კინოს ბათუმის საერთაშორისო ფესტივალზე გაიმართა. გასულ წელს სურათი ლოკარნოს კინოფესტივალში მონაწილეობდა.
რეჟისორი, სცენარისტი და მსახიობი ოთარ იოსელიანი 1934 წლის 2 თებერვალს თბილისში დაიბადა. ის არის სსრკ-ის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწე (1979) და საქართველოს სახალხო არტისტი (1984).
შოთა რუსთაველის სახელობის პრემიის ლაურეატს, საფრანგეთის ხელოვნებისა და ლიტერატურის ორდენის კომანდორს, საფრანგეთის საპატიო ლეგიონის ორდენის კავალერს ოთარ იოსელიანს კანისა და ბერლინის საერთაშორისო ფესტივალებზე მიღებული აქვს კინოპრესისა და კრიტიკის პრიზები. რეჟისორი დაჯილდოებულია ვენეციის კინოფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდოთი, საფრანგეთის აკადემიის ვერმეის მედლითა და ბერლინის ხელოვნების აკადემიის პრიზებით. ოთარ იოსელიანს ბერლინის კინოფესტივალზე მოპოვებული აქვს „ვერცხლის დათვი“, საფრანგეთში „ლუი დელუკის“ პრესტიჟული ჯილდო, ნიუ-იორკის, ლონდონის, ტოკიოს ფესტივალების არაერთი ჯილდო თუ პრემია.
2013 წელს რეჟისორი კინოხელოვნებაში შეტანილი წვლილისთვის ლოკარნოს ფესტივალის სპეციალური პრიზით დაჯილდოვდა.