ქალაქის სულიერ პორტრეტს კიდევ ერთი ლამაზი სხივი დააკლდა – ივანე, იგივე ჯოვანი ვეფხვაძე, 90-იანი წლებიდან მოყოლებული ჩემი ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული და საყვარელი რესპონდენტი, რომელიც არასდროს მეორდებოდა და ყოველ ჯერზე ახალი, საოცარი კუთხით იხსნებოდა, ნიჭიერი ხელოვანი და განათლებული პიროვნება — იშვიათი, მხოლოდ ინტელექტუალისთვის დამახასიათებელი თავმდაბლობითა და იუმორის გრძნობით, ქალაქზე უზომოდ შეყვარებული მხატვარი და, როგორც ჩვენთან ხდება ხოლმე, ამ ქალაქისგან მაინც ბოლომდე დაუფასებელი…
საუბარში ხშირად იმეორებდა, რომ რეალობას მეცხრამეტე საუკუნის თბილისში გაურბოდა, ეპოქაში, რომელიც მის, მხოლოდ მის გონებასა და ნახატებში იყო. კიდევ ერთი სულიერი თავშესაფარიც ჰქონდა — მეჩვიდმეტე საუკუნის იტალია, სადაც ხშირად,,მოგზაურობდა“ და რის გამოც უყვარდა, როცა იტალიური სახელით მიმართავდნენ. რუსთაველზე ხშირად მინახავს, ყოველთვის თავდახრილი დადიოდა, ალბათ იმიტომ, რომ ამგვარი „სახე- და გრძნობამორღვეული“ თბილისი მისთვის უცხო და მიუღებელი იყო…
მშვიდობით, სინიორ ჯოვანი, მალე ზეციურ და თქვენთვის საყვარელ თბილისს შეუერთდებით. ქალაქში კი დარჩება თქვენი საოცარი ხელოვნება და მოგონება კაცზე, რომელიც მის ნახატებში შემორჩენილი თბილისივით მართალი და ნამდვილი იყო…