თეონა გოგნიაშვილი
მათ სახლში ყველაფერი დროისა და სივრციდან, ზოგჯერ ლოგიკიდან ამოვარდნილიც გეჩვენება. ვეფხვაძეების მხატვართა დინასტია უკვე მესამე თაობას ითვლის. კედლებზე სხვადასხვა თაობის დახატული თბილისია–მათი მთავარი სიყვარული, მაგრამ ამ ოჯახში ყველაფერი იტალიურიც მშობლიურივით უყვართ. შვილებს იტალიური სახელები– ბრუნო და დომენიკა, შვილიშვილებს– ვინჩენცო და ამადეო ჰქვიათ… მათი საცხოვრებელი ბინა სახლმუზეუმსა და გადასაღები მოედნის პავილიონს ერთდროულად ჰგავს.
აქ ყველაფერია: სხვადასხვა ქვეყნის რელიქვიად ქცეული საყოფაცხოვრებო ნივთები, დიასახლისის მზითევში გამოყოლილი თუნუქის ჩუქურთმიანი ღუმელი, სხვადასხვა ქვეყნის მუსიკალური ინსტრუმენტები, ძველი საგნები, რომლებსაც უკვე დაკარგული აქვთ ფუნქცია.. ყველაფერ ამის ფონზე კი ჩამონტაჟებული კადრივით მოჩანს ლამის ერთადერთი თანამედროვე ნივთი სახლში–კომპიუტერი…
ბინა ერთდროულადაა საცხოვრებელი სახლი, სახელოსნო და ეთნოგრაფიული მუზეუმიც. ჯოვანი ვეფხვაძის ნახატებში მე–19–ე საუკუნის დროინდელი თბილისია გაცოცხლებული. ამიტომ ჩემი პირველივე შეკითხვაც ასეთი იყო:
–სინიორ ჯოვანი, რა ემართება მხატვარს, როცა შთაგონების წყაროს რეალობაში ვერ პოულობს?
–მაშინ ის გარბის ამ რეალობიდან.. მე მაგალითად მე–19–ე საუკუნის თბილისში გავრბივარ. დროში, რომელიც ჩემს გონებაშია. ჩემს ნახატებშიც ძირითადად იმ დროის თბილისი და თბილისელები– კეთილი და ალალი ადამიანები არიან.
–ამგვარი,,გაქცევისთვის“ სხვა,,თავშესაფარიც“ გაქვთ,– იტალია…
–დიახ და კონკრეტულად მე–17 საუკუნის იტალია, სადაც მუდმივად,,ვმოგზაურობ“ რადგან ეს ხანა და ქვეყანა იდეალურია ყველა დროის ხელოვანისთვის. ვიზიარებ და ვიღებ მათ ლიტერატურას, მხატვრობას კულტურას. საამისოდ იტალიური ენაც კი შევისწავლე. თუმცა ზოგჯერ რეალობასთანაც მიწევს შეხება, როცა ქალაქში პროდუქტების საყიდლად გავდივარ. მაშინ კი გული მწყდება, როცა ვხედავ როგორ კარგავს თბილისი თავის არქიტექტურულ სახეს…რაც ძველია და ინგრევა–მათი აღდგენა აღარ ხდება. ახალს რასაც აშენებენ ის კი დღევანდელი თბილისის სულიერ პორტრეტში არ ჯდება. ეს ქვეყანას კარგს არაფერს მოუტანს…
–თქვენი გვარის პირველი მხატვარი, ივანე ვეფხვაძე თქვენი სახლის მემორიალურ დაფაზეცაა გამოსახული.
–ბაბუაჩემი ამ სახლში 1935 წლიდან ცხოვრობდა, მისი მასწავლებელი ცნობილი მხატვარი გიგო გაბაშვილი იყო. საბჭოთა ჩინოვნიკებმა ის აიძულეს, რომ თბილისური თემატიკიდან იდეოლოგიურზე გადასულიყო და ამან მის შემოქმედებაზეც იმოქმედა. ბაბუაჩემის მამა ვაჭარი იყო, მისი ბაბუა კი თქვენი კოლეგა, "მოლაყბე“ გახლდათ. ანუ ადამიანი, რომელიც ქალაქში დარბოდა და ახალ ამბებს ავრცელებდა, რადგან იმ დროს გაზეთი არ არსებობდა.
–ბრუნოს მინდა მივმართო, ავტოპორტრეტი რომაელი ტრიუმფატორის სამოსსა და პოზაში გამოსახეთ, თქვენთ ვის 2000 წლის წინანდელი რომი უფრო ახლობელია?
–დიახ, ის დრო უფრო ამაღლებულად მეჩვენება, რადგან ჩემს ხასიათთან ახლოსაა. საერთოდ ჩემს ნახატებში ძირითადად შუა საუკუნეების ხანაა. ძველი რაინდის მუზარადებსაც ვამზადებ. ერთხელ ჟანა დარკი ფრანგი მომღერლის — მირიე მატიეს გარეგნობით დავხატე. ბავშვობიდან ამ სამყაროზე გავიზარდე, სანამ წერა–კითხვას შევისწავლიდი, მამა ზღაპრების მაგივრად რომაულ მითოლოგიას მიკითხავდა. ასე მგონია, გვიან დავიბადე. პატარა რომ ვიყავი ერთხელ ძილში ხმამაღლა რომელიღაც არქაული ენით ავლაპარაკებულვარ, ვინ იცის, იქნებ შუმერულიც იყო.. სხვათა შორის ლათინური ენა ინტერნეტით შევისწავლე.
–ბატონო ჯოვანი, იტალიაშიც თუ იცნობენ თქვენს ხელოვნებას?
–იტალიელები მეუბნებიან, რომ ისე როგორც შენ ხატავ, იტალიაში 100 წლის წინ ხატავდნენო და ჩემთვის ეს დიდი ქათინაურია. მე კი ვეუბნები, რომ უფრო გამიხარდებოდა, თუკი მეტყოდით, რომ ასე 400 წლის წინ ხატავდნენ მეთქი.
არც ისე დიდი ხნის წინ ბრუნო ვეფხვაძე იტალიაში მსოფლიოს 100 საუკეთესო ახალგაზრდა მხატვართა შორის დასახელდა. თბილისში წელს, ოქტომბრის თვეში ვეფხვაძეების ნიჭიერმა დინასტიამ გამოფენა სახელწოდებით,,ჩვენი თბილისი და საქართველო" მოაწყო. ამით კიდევ ერთხელ გამოუცხადეს სიყვარული ქალაქს, რომელმაც მართალია, საკუთარი სახე დაკარგა, მაგრამ ის მაინც რჩება როგორც მათი შემოქმედების წყარო და გენეტიკური მეხსიერების გამართლება…