ქართული თხილის ხარისხის გაუმჯობესების, წარმოების მოცულობის ზრდისა და ქართული თხილის საერთშორისო ბაზარზე გატანის მიზნით, საქართველოს თხილის სექტორის განვითარების პროექტის (G-HIP) პრეზენტაცია გაიმართა წალენჯიხაში. პროექტი ხორციელდება „აგრიჯორჯიას“ და CNFA-ს მიერ, USAID — სა და საერთაშორისო კომპანია „ფერეროს“ შორის გლობალური განვითარების ალიანსის ფარგლებში. პროექტის პრეზენტაციას ესწრებოდნენ USAID — ის მისიის დირექტორი დაგლას ბოლი, იტალიის ელჩი საქართველოში ანტონიო ბარტოლი, საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილი და საქართველოს თხილის მწარმეობელთა ასოციაციის წევრები.
როგორც შეხვედრაზე ითქვა, ალიანსის პარტნიორები, საჯარო და კერძო სექტორებთან ერთად უზრუნველყოფენ ქართული თხილის ხარისხის გაუმჯობესებას და წარმოების მოცულობის გაზრდას, რითაც ხელს შეუწყობენ ქართული თხილის მწარმოებელი 50 000-მდე ოჯახის პირობების გაუმჯობესებას.
ურთიერთობების გაღრმავებისა და ბაზრის ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, პროექტი ითანამშრომლებს საქართველოს თხილის მწარმოებელთა ასოციაციასთან და თხილის ექსპორტიორთა და გადამამუშავებელთა ასოციაციასთან.
„ჩვენი შეხვედრა გახლავთ, USAID-ის, ფერეროსა და საქართველოს თხილის ასოციაციის ერთობლივი პროექტის დასაწყისი, მე მანამდე ვესტუმრე თხილის ადგილობრივ მეწარმეებს რომლებიც მუშაობენ უკვე წლებია ამ სფეროში და კარგად იციან იმ პრობლემების შესახებ რაც არსებობს და აწუხებთ მათ, მნიშვნელოვანია რომ გაიზარდოს თხილის ხარისხი და მიაღწიოს სტანდარტებს და დონეს, რომელიც აუცილებელია საერთაშორისო ბაზარზე მოსახვედრად. "ფერერო" კი ამის ნამდვილი მაგალითია, თუ კერძო სექტორის ჩართულობა რამდენად მნიშვნელოვანია.“- აღნიშნა ჟურნალისტებთან USAID-ის მისიის დირექტორმა, დაგლას ბოლმა.
„სოფლის მეურნეობის სამინისტრო 4 წელია უკვე აქტიურადაა ჩართული თხილის ინდუსტრიის განვითარების პროცესში. პროექტი ითვალისწინებს 5 წლიან მრავალმილიონიან დახმარებას, ამ დარგის განვითრებისათვის. ეს კი იმას ნიშნავს,რომ ქართველი ფერმერები ისწავლიან თუ როგორ უნდა შეინახონ თხილი და გაიტანონ საერთაშორისო ბაზარზე, - განაცხადა საქართველოს სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე დავით გალეგაშვილმა.