თბილისი, 11 თებერვალი — Sputnik. სამეგრელოს რეგიონში მყოფმა, სოფლის მეურნეობის მინისტრიმა ოთარ დანელიამ, სამეგრელო-ზემო სვანეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულმა ლევან შონიამ და სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა მარიანა მორგოშიამ ზუგდიდიში „აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში გახსნილი კიდევ ერთი საწარმო დაათვალიერეს. თხილის გადამამუშავებელი საწარმო „ნათინვესტი“ 2015 წლის აგვისტოში გაიხსნა. საწარმოში 430,000 მილიონამდე აშშ დოლარის სრული ინვესტიცია განხორციელდა. აქედან გრანტი 172,000 აშშ დოლარია, ხოლო შეღავათიანი აგროკრედიტი 215,000 აშშ დოლარს შეადგენს.
„ პირველ რიგში მინდა დავაანონსო,რომ კიდევ 8 ახალი საწარმო დაემატება იმ ცნობილ ნუსხას და ჩვენ გვექნება 147 ახალი საწარმო მთლიანად. თხილის გადამუშავება სამეგრელოს რეგიონში ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მიმართულება გახლავთ“, — განუცხადა ჟურნალისტებს სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ.
როგორც, საწარმოს დირექტორი დავით სვანიძე ამბობს, საწარმოს აქამდე არ გააჩნდა საკუთარი შენობა-ნაგებობა. ამ ეტაპზე საწარმო უზრუნველყოფს დამტვრეული, დაკალიბრებული და გამშრალი თხილის წარმოებას. “ნათინვესტი“ წლიურად გეგმავს 300 ტონა მზა პროდუქციის წარმოებას. პროდუქცია გადის ექსპორტზე ევროკავშირის ქვეყნებში. საწარმოში 50 ადამიანია დასაქმებული.