თბილისი, 4 მაისი — Sputnik. ოპოზიციური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ მოითხოვს, რომ საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების მინისტრი გიგლა აგულაშვილი გამოცხადდეს პარლამენტში და ბოტანიკური ბაღის მიმდებარე ტერიტორიის გაყიდვასთან დაკავშირებულ კითხვებს უპასუხოს.
უკვე ცნობილია, რომ ბოტანიკურ ბაღთან 29 ჰექტარზე მეტი ტერიტორია 6,3 მილიონ ლარად „თანაინვესტირების ფონდმა“ შეიძინა. ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები დარწმუნებული არიან, რომ მერიამ ეს ტერიტორია ბიძინა ივანიშვილის დაინტერესების გამო გაყიდა.
„მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან და არსებული პროტესტიდან გამომდინარე, მოვითხოვთ, დაუყოვნებლივ იქნას მოწვეული ბუნებრივი რესურსების კომიტეტის სხდომა“, — განაცხადა პარლამენტის დეპუტატმა ენმ-იდან ზურაბ მელიქიშვილმა პრესკონფერენციაზე.
ოპოზიციას ასევე სურს, რომ სხდომას დაესწრნენ „თანაინვესტირების ფონდის“ ხელმძღვანელობა, თბილისის მერიის წარმომადგენლები და გარემოს დაცვის მინისტრი.
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების საპარლამენტო კომიტეტის სხდომა პარასკევს არის ჩანიშნული. თუმცა, უკვე ცნობილია, რომ მინისტრი ოპოზიციის მოთხოვნის შესრულებას არ აპირებს.
„ჩემი პოზიცია ნათელია, ეს არ არის კომპეტენციის საკითხები… სამინისტრო მზად არის, თავისი კომპეტენციის ფარგლებში ყველა კითხვას პასუხი გასცეს“ — განაცხადა აგულაშვილმა.
„თანაინვესტირების ფონდი“ პროექტ „პანორამა თბილისს“ აფინანსებს, რომელიც ითვალისწინებს საქართველოს დედაქალაქის ისტორიული ნაწილის ოთხ სხვადასხვა კუთხეში ოთხი კომპლექსის მშენებლობას, სასტუმროებითა და ტურისტული ბიზნეს ცენტრებით, რომლებიც ერთმანეთთან საბაგირო გზით იქნებიან დაკავშირებულნი.
გასულ კვირას ოპოზიციამ ბიძინა ივანიშვილს ბრალი დასდო ბოტანიკური ბაღის ტერიტორიის 4 ჰექტარის მითვისებაში. აღნიშნული ბრალდება უარყო ბოტანიკური ბაღის ადმინისტრაციამ და განმარტა, რომ ბოტანიკური ბაღის საზღვრები შეიცვალა სამხრეთ-დასავლეთ ნაწილის თაბორის მთაზე არსებული ტერიტორიის ჩანაცვლებით.
კულტურული მემკვიდრეობის სტატუსი ბოტანიკურ ბაღს 2007 წელს მიანიჭეს. მისი ტერიტორია 81 ჰექტარს მოიცავს.