თბილისი, 3 მაისი — Sputnik. საქართველოს პრეზიდენტმა გულითადად მიულოცა დაბადების დღე მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონს ჭადრაკში ნონა გაფრინდაშვილს და მას დღეგრძელობა და წარმატება უსურვა.
ლეგენდარული მოჭადრაკე ზუგდიდში 1941 წლის 3 მაისს დაიბადა.
„განუსაზღვრელია თქვენი წვლილი ჩვენი ქვეყნის სპორტის განვითარებისა და საზოგადოებრივი მოღვაწეობის სფეროში. თქვენ წლების განმავლობაში დაუღალავად იღვწით ღირსეული მემკვიდრეობის შექმნისა და საქართველოს პოპულარიზაციისათვის“, — ნათქვამია პრეზიდენტის მილოცვაში.
ნონა გაფრინდაშვილი — დიდოსტატი (1978). მსოფლიოს ხუთგზის ჩემპიონი (1962-1978). 11 გუნდური და 9 პირადი ოლიმპიური ოქროს მფლობელი. ფიდეს ქალთა კომისიის თავმჯდომარე (1980-1986). საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის პირველი პრეზიდენტი 1989-1996 წლებში, 1996 წლიდან მისი საპატიო პრეზიდენტი. საქართველოს ჭადრაკის ფედერაციის პრეზიდენტი (2000-02). თავისი თაობის მსოფლიოს უძლიერესი მოჭადრაკე ქალი.
1978 წელს ნონა გაფრინდაშვილი გახდა პირველი ქალი მოჭადრაკე, ვისაც დიდოსტატის წოდება მიენიჭა. 1997 წელს ფიდეს 68-ე კონგრესის გადაწყვეტილებით დაწესდა ნონა გაფრინდაშვილის სახელობის თასი, საჭადრაკო ოლიმპიადებზე, რომელიც გადაეცემა ქვეყნის ვაჟთა და ქალთა გუნდებს საუკეთესო ჯამური შედეგისათვის. 2001 წელს მისი სახელი მიენიჭა თბილისის ჭადრაკის სასახლეს.
გასულ წელს გიორგი მარგველაშვილმა ნონა გაფრინდაშვილი „ბრწყინვალების ორდენით“ დააჯილდოვა.