თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ბათუმის გრან-პრის მფლობელი რუსი მოჭადრაკე ვალენტინა გუნინა გახდა, იუწყება ფიდეს ოფიციალური ვებგვერდი.
რუსმა მოჭადრაკემ ტიტული შეჯიბრების დასრულებამდე ერთი ტურით ადრე გაინაღდა, როდესაც თავის ძირითად მოწინააღმდეგეს — ჩინელ ჟაო კსიუს სძლია. ამ უკანასკნელმა მეორე ადგილი დაიკავა.
მესამე ადგილი ნინო ბაციაშვილს ერგო. დასკვნით პარტიაში ქართველმა მოჭადრაკემ, რომელიც თეთრი ფიგურებით თამაშობდა, გუნინასთან შეხვედრა ყაიმით დაასრულა და დამატებით მაჩვენებლებით უკრაინელ ანა მუზიჩუკს გაუსწრო.
საქართველოს ქალთა ნაკრების ლიდერმა ნანა ძაგნიძემ ტურნირი არცთუ წარმატებით ჩაატარა და შედეგად მეექვსე ადგილი დაიკავა.
ლელა ჯავახიშვილი შემაჯამებელ ცხრილში მეცხრე ადგილზე განთავსდა, ხოლო ბელა ხოტენაშვილი, რომელსაც ტურნირზე არცერთი გამარჯვება არ მოუპოვებია, ბოლო ადგილზე გავიდა.
ტურნირის საპრიზო ფონდი 60 ათასი ევრო იყო. აქედან ათი ათასი გამარჯვებულს — ვალენტინა გუნინას ერგო.
გრან-პრის შემდეგი ეტაპი ივლისში ჩინეთის ქალაქ ჩენდუში გაიმართება.