- ზურაბ ჟვანიას საქმე კვლავ გაუხსნელია. რა აჭიანურებს საქმის გახსნას? თქვენც გქონდათ მოლოდინი, რომ საქმე მალე გაიხსნებოდა.
— კი, მე კონკრეტულ შედეგებსაც ვხედავ, მაგრამ ამაზე სჯობს, მიმართოთ პროკურატურას. ჭიანურდება იმიტომ, რომ საქმე არის დიდი ხნის წინანდელი. ეს ბუნებრივია იწვევს სირთულეებს გამოძიების პროცესში მტკიცებულებების მოპოვების მხრივ. მარტივად გასაგები რომ იყოს, ვთქვათ, ტარდება ექსპერტიზები ნივთმტკიცებებზე. მაგალითად დნმ ანალიზი, ხშირად, სამწუხაროდ, ხდება, რომ ეს მასალები აღარ არის ვარგისი, არ იყო სათანადო პირობებში შენახული და სხვა და სხვა…
ასევე ნივთმტკიცებების გაყალბება, მასალების გაყალბება, ესეც ბუნებრივია, აჭიანურებს პროცესს. თუმცა უმნიშვნელოვანესი მტკიცებულებები ამ საქმეში უკვე დევს. ამიტომ ამაზე მიმართეთ პროკურატურას.
- რაც შეეხება არჩევნებს და „ქართული ოცნების“ საარჩენო სიას, როდის ჩამოყალიბდება და როდის გახდება საბოლოო ვარიანტი ცნობილი?
— ჯერეჯერობით არ ყოფილა ასეთი კონსულტაციები, თვის ბოლომდე, სიები ჩამოყალიბდება. არჩევნებამდე საკმაოდ დრო დარჩა, ნუ ვიჩქარებთ.
- გუნდის განახლებაზე, ახალ სახეებზე რას გვეტყვით?
— ახალი სახეები გამოჩნდებიან. ეს ყველაფერი მოხდება კონსულტაციების შემდეგ მაგრამ გუნდის განახლება არ ნიშნავს, რომ ყველა წავა და ახალი ხალხი მოვა.
- პირადად არ მონაწილოებთ ამ პროცესში?
— პირადად მე არ ვარ სიის ფორმირებაში ჩართული. არიან სხვა სტრუქტურები პარტიაში, რომლებიც ამაზე მუშაობენ.
- საერთაშორისო ორგანიზაციების მიერ ჩატარებულ კვლევებზე დაყრდნობით, „ქართული ოცნების“ რეიტინგი დაეცა…
— გეთანხმებით, რომ ნდობა შემცირებულია. არის ადამიანთა გარკვეული ნაწილი, რომელსაც იმედგაცრუება აქვს. ეს სუბიექტური თუ ობიექტური მიზეზებითაც არის გამოწვეული. ბუნებრივიც იყო, რომ 2012 წლის შემდეგ პარტია პოპულარობას დაკარგავდა. მაშინ ის პოპულარობის პიკზე იყო. თუმცა, არ მინდა, ზედმეტ ტრაბახად გამომივიდეს, მაგრამ დარწმუნებული ვარ, ჩვენს გამარჯვებაში.
- მეორე ტური თუ გაიმართება, რა მოლოდინი გაქვთ?
— საარჩევნო ზღვარი არის 50 %. ამიტომ მოსალოდნელია, რომ ბევრ მაჟორიტარულ ოლქში გაიმართოს მეორე ტური. ეს ნორმალური პროცესია.
თენგიზ ჩოჩუა