საფეხბურთო უქმეები: ქართველი ლეგიონერები ფინიშის ხაზთან

© photo: Sputnik / FB/ Jano Ananidze / გადასვლა მედიაბანკშიჯანო ანანიძე
ჯანო ანანიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
„Sputnik საქართველოს“ სპორტული მიმომხილველი ნოდარ მაისურაძე ევროპისა და რუსეთის კლუბებში მოთამაშე ქართველი ფეხბურთელების წარმატებებსა და წარუმატებლობაზე მოგითხრობთ.

თბილისი, 3 მაისი — Sputnik. ევროპის საფეხბურთო ჩემპიონატის დასრულებამდე სხვადასხვა გუნდისთვის სხვადასხვა, საშუალოდ კი ორი-ოთხი ტური დარჩა. დრო არც ისე ბევრია, რომ გუნდებმა დასახული ამოცანები გადაჭრან.

თავის ამოცანებს წყვეტენ ფეხბურთელებიც, მათ შორის — ქართველებიც. ზოგიერთმა მწვრთნელთა შტაბი უნდა დაარწმუნოს, რომ ის შეუცვლელი მოთამაშეა, ზოგი დარჩენილ თამაშებს დაინტერესებული კლუბებისთვის საკუთარი თავის წარმოჩენისთვის გამოიყენებს, ზოგი კი ეროვნული პირველობის მატჩებს, უბრალოდ, ბოლომდე მიიყვანს.

საქართველოს ნაკრებისა და მოსკოვის „სპარტაკის“ ნახევარმცველი ჯანო ანანიძე პირველი კატეგორიის ფეხბურთელებს განეკუთვნება. სერიოზული ტრავმისა და შემდეგ ოპერაციის გამო ჰავბეკმა სეზონის პირველი ნაწილი გამოტოვა. ახალი წლის შემდეგ ანანიძე „სპარტაკის“ მატჩებზე კი გამოჩნდა, მაგრამ მხოლოდ შემცვლელის რანგში.

მარტის ბოლოს საქართველო-ყაზახეთის ამხანაგურ მატჩში ნახევარმცველმა კვლავ მცირე დაზიანება მიიღო და „სპარტაკის“ შემადგენლობაში რამდენიმე თამაში კვლავ გამოტოვა.

და როგორც იქნა, რუსეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის „ლოკომოტივის“ წინააღმდეგ მატჩში ანანიძე სასტარტო შემადგენლობაში გამოჩნდა. ქართველი ნახევარმცველის თამაში ნამდვილად იმსახურებს ქებას.

სწორედ მისი დამსახურებით პირველი ტაიმის ბოლოს „სპარტაკმა“ ანგარიში გახსნა.

დმიტრი ალენიჩევის გუნდმა საბოლოოდ ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა, ხოლო ანანიძე 86-ე წუთზე შეცვალეს — კვლავ ტრავმის გამო. მატჩის შემდეგ გუნდის ექიმმა მიხაილ ვარტაპეტოვმა განაცხადა, რომ სერიოზული არაფერია და ეს ფეხის ჩვეულებრივი გადაღლაა.

ქართველი ნახევარმცველის თამაში „სპარტაკის“ მწვრთნელმაც აღნიშნა. „ჩანს, რომ ჯანოს ფეხბურთი მოენატრა. ის მინდორზე მშვენივრად მოქმედებდა და იდეალური პასი მიაწოდა პრომისს და ამის შემდეგ დავწინაურდით კიდეც“, — განაცხადა ალენიჩევმა.

შეხვედრის შედეგებით გამოცემა „სპორტ-ექსპრესმა“ ანანიძეს 6-ქულიანი შეფასება მისცა. ამაზე მაღალი შეფასება მხოლოდ ზე ლუიშსა და რომულუს აქვთ.

გიორგი ლორიამ კიდევ ერთხელ დაიცვა თავისი კარი, ხოლო მისმა „კრილია სოვეტოვმა“ გასვლით თამაშში „ტერეკს“ 1:0 სძლია. ამ გამარჯვების წყალობით სამარის კლუბმა 26 მატჩში 30 ქულა მოაგროვა და გავარდნის ზონას ჩამოშორდა.

სენსაციების რანგშია გასაყვანი „მორდოვიის“ გამარჯვება „როსტოვზე“ (ამ სეზონში ჩემპიონობისთვის იბრძვის), რომლის კარსაც ნუკრი რევიშვილი იცავს. გუნდმა ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა და ამ წარმატებაში ნუკრი რევიშვილს ერთ-ერთი პირველი ადგილი უკავია — მან თავისი გუნდის კარი სერიოზული საფრთხისგან რამდენჯერმე იხსნა. ამ გამარჯვების შემდეგ „მორდოვიამ“ 21 ქულა დააგროვა და გავარდნის ზონას ჩამოშორდა.

„დუისბურგის“ მატჩში „ფორტუნას“ წინააღმდეგ ყველაზე ნათელი ლაქა ქართველი ნახევარმცველის გიორგი ჭანტურიას თამაში გახდა. მიუხედავად იმისა, რომ ამ თამაშში მას ყველაფერი არ გამოუვიდა, მისი საგოლე გადაცემა და აქტიური შემტევი ქმედებები განსაკუთრებულ ყურადღებას იმსახურებს“, — ასე შეაფასა ჭანტურიას თამაში გერმანულმა გამოცემამ rp-online.

საქართველოს ნაკრების ჰავბეკმა მინდორზე სრული 90 წუთი გაატარა, ხოლო „დუისბურგმა“ ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა. ახლა „ზებრებს“ მეორე გერმანულ „ბუნდესლიგაში“ ადგილის შენარჩუნების რეალური შესაძლებლობა გაუჩნდათ. ამასთან, დიდია იმის ალბათობა, რომ ჭანტურიამ შემდეგი სეზონი გერმანიის ძირითადი ჩემპიონატის ერთ-ერთ კლუბში დაიწყოს.

დიდი წვლილი შეიტანა „ხიმნასტიკის“ გამარჯვებაში გიორგი აბურჯანიამ, რომელიც მცირე ტრავმის გამო ორკვირიანი პაუზის შემდეგ მწყობრში ჩადგა. ესპანური 36-ე ტურის „სეგუნდისა“ და „მირანდესის“ მატჩში ქართველმა ნახევარმცველმა ანგარიში 49-ე წუთზე გაათანაბრა, რამაც კლუბს 3:2 ანგარიშით მოგებისა და სატურნირო ცხრილში მესამე ადგილზე გადანაცვლების საშუალება მისცა.

გასულ საფეხბურთო უქმეებზე გოლი გაიტანა არნემის კლუბ „ვიტესის“ კაპიტანმა გურამ კაშიამაც. ჰოლანდიის ჩემპიონატის 33-ე ტურის მატჩში „უტრეხტის“ წინააღმდეგ ქართველი მცველი მეტოქის საჯარიმოში ყველაზე სწრაფი აღმოჩნდა ანგარიში 30-ე წუთზე გახსნა.

მიუხედავად ამისა, ეს გოლი „ვიტესს“ გამარჯვებაში ვერ დაეხმარა — მატჩის ბოლო 16 წუთში გუნდმა კარში სამი გოლი გაუშვა და მატჩიც ანგარიშით 1:3 დასრულდა.

სრული 90 წუთი გაატარა მინდორზე ქართველმა ლეგიონერმა ვაკო ყაზაიშვილმა, რომლისთვისაც ეს მატჩი „ვიტესის“ მაისურში მეასე გახდა, მაგრამ თავის იუბილეზე შემტევმა ნახევარმცველმა განწყობა ვერც თვითონ და ვერც შეკრებილ გულშემატკივარს ვერ აუმაღლა.

© FB/ MSV.Duisburgგერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია
გერმანული დუისბურგის ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია - Sputnik საქართველო
გერმანული "დუისბურგის" ნახევარმცველი გიორგი ჭანტურია

„ეს ძალიან ცუდი შედეგია. ჯერ კიდევ ზამთარში მესამე ადგილზე ვიყავით, ახლა კი ჩვენი შანსები ევროპის ლიგაში მოსახვედრად სხვა გუნდებზეა დამოკიდებული. ვცდილობ, ჩემი გრძნობები დავმალო, მაგრამ ძალიან მტკივა იმის გამო, რაც ხდება“, — ასეთი კომენტარი გააკეთა გურამ კაშიამ თავისი გუნდის დამარცხების შემდეგ.

ჰოლანდიის ჩემპიონატის დასრულებამდე ერთი ტურით ადრე „ვიტესი“ ევროპის ლიგის პლეი-ოფის ზონას ორი ქულით ჩამორჩება.

© FB/ VitesseArnhem"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია
ვიტესის კაპიტანი გურამ კაშია - Sputnik საქართველო
"ვიტესის" კაპიტანი გურამ კაშია

 

ყველა ახალი ამბავი
0