თბილისი, 2 მაისი — Sputnik. ცნობილი ქართული დუეტის, ნათია და თამარ ბერაიების კონცერტი კიევის პეტრე ჩაიკოვსკის სახელობის ეროვნული მუსიკალური აკადემიის სცენაზე 12 მაისს გაიმართება.
აკომპანირებას პიანისტ დებს აკადემიის სტუდენტური სიმფონიური ორკესტრი გაუწევს უკრაინის ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის, დირიჟორ იგორ პალკინის ხელმძღვანელობით.
ნათია და თამარ ბერაიები მოცარტის ნაწარმოებებს შეასრულებენ.
კონცერტის მხარდამჭერები არიან უკრაინის კულტურის სამინსიტრო და საქართველოსა და შვეიცარიის საელჩოები უკრაინაში.
ნათია და თამარ ბერაიები თბილისში დაიბადნენ. საფორტეპიანო დუეტს დები ხუთი წლიდან ასრულებენ.
ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ნიჭიერთა მუსიკალური სკოლის დამთავრების შემდეგ პირველი წარმატება 1997 წელს ეწვიათ სანქტ–პეტერბურგის საერთაშორისო საფორტეპიანო დუეტების კონკურსზე „დები და ძმები“. ბერაიებმა მაშინ პირველი ადგილი დაიკავეს და სამი სპეციალური პრიზიც მიიღეს.
იმავე წელს დები იტალიაში, ქალაქ კრემონში მიიწვიეს Bravo Bravissimo საერთაშორისო ფესტივალზე.
ნათია და თამარ ბერაიები აქტიურად მართავენ გასტროლებს მსოფლიოს მასშტაბით და ცნობილ ორკესტრებთან ერთად დუეტშიც უკრავენ და სოლო კონცერტებსაც მართავენ.