თბილისი, 1 მაისი — Sputnik. აღდგომის ღამეს უცნობი პირები თავს დაესხნენ ოპოზიციური პარტიის “ახალი პლიტიკური ცენტრი — გირჩის“ ოფისს.
თავდასხმა ოფისზე თბილისში ჩუღურეთის რაიონში მოხდა. ჩამტვრეულია ოფისის ყველა ფანჯარა.
„დათვალიერებით ჩანს, რომ ეს ვანდალური აქტი ჩაიდინა ორგანიზებულმა ჯგუფმა, რომელიც სპეციალურად ამ მიზნით მივიდა ოფისთან აგურებით, ასფალტის ბელტებითა და არმატურებით შეიარაღებული. მოვუწოდებთ სამართალდამცავ სტრუქტურებს, სასწრაფოდ მოხდეს აღნიშნული ფაქტის გამოძიება და დამნაშავეები დაისაჯონ კანონის მთელი სიმკაცრით, “ — ნათქვამია პარტიის განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ „პოლიტიკური ცენტრი - გირჩა“ საქართველოს პარლამენტის დეპუტატებმა შექმნეს, რომლებიც მარიხუანის ლეგალიზაციის მომხრეები იყვნენ. ახალი პოლიტიკური ორგანიზაციის პირველი ყრილობა აპრილის შუა რიცხვებში შედგა.
პარტიის ძირითად ბირთვს პრეზიდენტ სააკაშვილის მომხრეები წარმოადგენენ. ისინი სააკაშვილის ძირითად გუნდს 2015 წლის მაისში გამოეყვნენ.