თბილისი, 1 მაისი — Sputnik. საქართველოს კათოლიკოს —პატრიარქმა ილია მეორემ სადღესასწაულო წირვაზე საქართველოს მცხოვრებთ აღდგომის დღესასწაული მიულოცა.
პარტიარქის ტრადიციული მიმართვა როგორც წესი სადღესასწაულო მსახურებაზე სამების საკათედრო ტაძარში იკითხება შობასა და აღდგომის დღესასწაულზე.
„გიხაროდენ ქართველებო, აფხაზებო, ოსებო, ბერძნებო, რუსებო, უკრაინლებო, ჩეჩნებო, დაღესტნელებო, ქურთებო, იეზიდებო, ივერიის ყველა მცხოვრებნო და საზღვარგარეთ მცხოვრებნო თანამემამულენო!“, — ნათქვამია საქართველოს პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
„ზოგს მიაჩნია, რომ ღვთის მცნებების დაცვა ძნელია და რადგან ამის უნარი არა აქვს, ურჩევნია, ძველებურად განაგრძოს ცხოვრება, თუმცა იცის, რომ სწორად არ იქცევა. დიდი ნაწილი კი ფიქრობს, რომ მისთვის მთავარია, დღეს, აქ ჰქონდეს ყველაფერი, აქ იგემოს ყველა შესაძლო სიამოვნებაც და განსაცდელიც, რადგან რა იქნება გარდაცვალების შემდეგ, არ იცის და არ ესმის, რატომ უნდა დაიტანჯოს თავი რაღაც გაურკვეველი მომავლისათვის, რომელიც მართლა არსებობს თუ არა, არავინ უწყის. ასეთად მოაზროვნეთათვის, რა თქმა უნდა, რაიმეს მტკიცებას აზრი არა აქვს. ისინი იმასაც ვერ ხვდებიან, რომ თუ ჩვენ მხოლოდ ამქვეყნიური ცხოვრებისათვის ვიყავით შექმნილნი, მაშინ, წესით, სიკვდილი არ უნდა ყოფილიყო და ჩვენი ყოფაც აქ, ამ მიწაზე დაუსრულებლად უნდა გაგრძელებულიყო. ხმელეთისა და ზღვისქვეშეთი, ფლორა და ფაუნა, მზის გალაქტიკა (სხვაზე რომ აღარაფერი ვთქვათ) მთელი თავისი ურთულესი მექანიზმებით ნუთუ მარტო იმისთვის შეიქმნა, რომ ჩვენ ამ გარემოში 40, 80 თუ 100 წელი დავყოთ მხოლოდ და მერე უკვალოდ გავქრეთ? ეს ხომ უაზრობაა. ნუ მივემსგავსებით მაცხოვრის გვერდით ჯვარცმულ იმ ავაზაკს, რომელმაც მთელი სიცოცხლის მანძილზეც და ძელზე ყოფნისასაც ვერ გაიგო, რა იყო სიცოცხლის აზრი, ვერც ქრისტე შეიცნო, და კიდევ უარესი, — ბოლომდე შეურაცხყოფდა და დასცინოდა მას. ღმერთმა ყველა დაიფაროს ამ მდგომარეობისაგან. თუ ძელზედ გაკრული მეორე ავაზაკი სიმბოლოა მორწმუნე და მონანული საზოგადოებისა, ეს ავაზაკი სახეა ურწმუნო და უგულისხმო, სინანულის არმქონე ხალხისა. ჩვენ რომელ ავაზაკს ვგავართ? როგორი იქნება ჩვენი ჯვარი, — გადამრჩენელი, თუ წარმწყმედელი? ამქვეყნიური ჩვენი ყოფა ქარვასლას ჰგავს, სადაც ყველაფერი იყიდება, —წერენ წმინდა მამები, — წარუვალი ბედნიერების შეძენა თუ გსურთ, წარმავალი დროებითი სიკეთენი უნდა დათმოთ, რადგან იგი მხოლოდ ასეთი საფასურით მოიპოვება; მაგრამ თუ ამ შესაძლებლობას ახლა ხელიდან გაუშვებთ, მას სამუდამოდ დაკარგავთ, რადგან ასეთი საშუალება აღარასოდეს გვექნება'', — აღნიშნულია პატრიარქის სააღდგომო ეპისტოლეში.
პატრიარქი ეპისტოლეშია ასევე შეეხო ქვეყნის ეკონომიკის განვითარების პრობლემებს. მისი აზრით, მოსახლეობა დასაქმდება თუ განვითარდება მცირე ბიზნესი და აღდგება სოფლის მეურნეობა.
„დიდი განვითარება უნდა ჰპოვოს ისეთმა დარგებმა როგორიცაა ემალი, ოქროსა და ვერცხლის დამუშავება, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენება, წყლის ექსპორტი, კერამიკა, შუშისა და თიხის წარმოება, პატარა ჰესების მშენებლობა, ტურიზმი და სხვა“, — ნათქვამია ეპისტოლეში.
პატრიარქმა სამწუხარო უწოდა ფაქტს, რომ საქართველოს დღეს სოფლის მეურნეობის კვების პროდუქტების 80% საზღვარგარეთიდან სემოაქვს, მიუხედავად იმისა, რომ ქვეყანას აქვს რეალური შესაძლებლობა მთლიანად დააკმაყოფილოს თავისი მოსახლეობის მოთხოვნილება და გაიტანოს კიდეც თავისი პროდუქცია ექსპორტზე.
„მოსახლეობას ბიძგის სჭირდება და მიმართულება, იმისათვის, რომ დაინახონ თავისი შრომის ნაყოფი, მაშინ ქვეყანა სწრაფად აღდგება და ხალხს შრომისადმი სიყვარული აღუდგება“, - ნათქვამია მიმართვაში.