კვირიკაშვილმა რუსეთ–საქართველოს ურთიერთობებში პროგრესი აღნიშნა

გამოწერა
პრემიერ–მინისტრის განცხადებით, საქართველო რუსეთთან ურთიერთობებს მთავარი პოლიტიკური კურსიდან გადახვევის გარეშე აგვარებს.

თბილისი, 30 აპრილი — Sputnik. საქართველომ ხელი შეუწყო რუსეთთან ურთიერთობებში ტემპერატურის დაწევას, განაცხადა პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ნიუ–იორკში, ბანკებისა და საინვესტიციო ფონდების წარმომადგენლებთან შეხვედრისას.

„ისე, რომ არ შეგვიცვლია ჩვენი მთავარი სტრატეგიული ვექტორი, ჩვენ სტაბილური გარემო შევქმენით რუსეთთან ტემპერატურისა და ასევე დაძაბულობის დასაწევად. ჩვენ არ გვაქვს დიდი პროგრესი პოლიტიკურ განზომილებაში, მაგრამ ეს პროგრესი შესამჩნევია რუსეთის ბაზარზე“, — აღნიშნა პრემიერმა.

კვირიკაშვილმა ხაზი გაუსვა, რომ საქართველოში ასობით ათასი რუსი ტურისტი ჩამოდის.

„რა თქმა უნდა,  ჩვენ გვჭირდება [რუსეთთან] ურთიერთობების ნორმალიზაცია, თუმცა არა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის საკითხების სანაცვლოდ“, — დაასკვნა გიორგი კვირიკაშვილმა.

საქართველოს მთავრობის მეთაური აშშ–ში 25 აპრილს გაემგზავრა სამუშაო ვიზიტით. ის უკვე შეხვდა აშშ–ის ვიცე–პრეზიდენტ ჯო ბაიდენს, კონგრესისა და სენატის წარმომადგენლებს და ასევე მსხვილი ამერიკული ბიზნეს-კომპანიებისა და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებს.

პროდუქცია ექსპორტზე - Sputnik საქართველო
საქართველოდან რუსეთში ექსპორტი 46,3%-ით გაიზარდა

გარდა ამისა, კვირიკაშვილს შეხვედრა ჰქონდა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან, სიტყვით გამოვიდა აშშ–ს მშვიდობის ინსტიტუტსა და ილინოისის უნივერსიტეტში.

საქართველოს მთავრობის მეთაური ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებსაც გაესაუბრა.

კვირიკაშვილს აშშ–ში თან ახლავს ვიცე–პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და საგარეო საქმეთა საპარლამენტო კომიტეტის ხელმძღვანელი თედო ჯაფარიძე.

ყველა ახალი ამბავი
0