თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ყოფილმა უფროსმა ირაკლი შიხიაშვილმა უარყო გავრცელებული ხმები იმის შესახებ, რომ აშშ–ში პოლიტიკური თავშესაფრის მისაღებად იყო წასული.
ვეტერანთა ჰოსპიტლის თანამშრომლებისა და ვეტერანთა, ასევე პოლიტიკოსთა გარკვეულმა ნაწილმა შიხიაშვილი ფინანსების გაფლანგვაში დაადანაშაულა.
„მე თვითონ ვარ დაინტერესებული, რომ შევიდნენ (აუდიტი) და ერთხელ და სამუდამოდ დარწმუნდნენ, როგორ იხარჯებოდა ვეტერანების სასიკეთოდ და მათი ინტერესებისთვის კანონიერად ბიუჯეტი“, — განუცხადა ტელეკომპანია „რუსთავი 2"–ს შიხიაშვილმა თბილისის აეროპორტში.
მან ხაზი გაუსვა, რომ გასაქცევად და დასამალად არ აქვს საქმე და იქვე განმარტა, რომ არც არანაირი ბიზნესი გააჩნია შეერთებულ შტატებში.
შიხიაშვილმა არასწორი ინფორმაციის გავრცელებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ წევრები დაადანაშაულა.
ვეტერანთა საქმეების სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელის თანამდებობას ამჟამად ეროვნული გვარდიის ყოფილი სარდალი კობა კობალაძე იკავებს.