თბილისი, 29 აპრილი — Sputnik. საქართველოს მოსახლეობის ბოლო აღწერის მონაცემების თანახმად, საქართველოში ძირითად მოსახლეობას ეთნიკური ქართველები შეადგენენ — 3 224,6 ათასი კაცი, რაც, სტატისტიკის ეროვნული სამსახურის „საქსტატის“ მონაცემების თანახმად, ქვეყნის საერთო მოსახლეობის 86,6%-ია.
არაქართველ მოსახლეობას შორის პირველ ადგილზე არიან აზერბაიჯანელები — 233 ათასი ადამიანი (6,3%), შემდეგ სომხები — 168,1 ათასი (4,5%) და რუსები — 26,5 ათასი (0,7%).
რაც შეეხება რელიგიურ კუთვნილებას, საქართველოში მოსახლეობის 83,4% მართლმადიდებელი ქრისტიანია, 10,7% — მუსლიმი, 2,9% – სომხური ეკლესიის მიმდევარი.
მოსახლეობის საყოველთაო აღწერამ აჩვენა, რომ ბოლო 13 წლის მანძილზე ქვეყნის მოსახლეობა 15%-ით შემცირდა და 3,7 მილიონი ადამიანი შეადგინა. მოსახლეობის აღწერა 2014 წლის 5-დან 19 ნოემბრამდე ჩატარდა.
აღწერის ჩატარებისას შესწავლილი იყო ოჯახების შემადგენლობა, მათი დემოგრაფიული, სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა, დასაქმება და ჯანმრთელობის მდგომარეობა.