ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოში ვიზიტს გეგმავს

© FB/Давид Усупашвилиდავით უსუფაშვილი და მარტინ შულცი
დავით უსუფაშვილი და მარტინ შულცი - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ბრიუსელში სამუშაო ვიზიტით იმყოფება, სადაც მაღალი დონის შეხვედრებს ატარებს.

თბილისი, 27 აპრილი — Sputnik. ევროპარლამენტის პრეზიდენტი მარტინ შულცი საქართველოს უახლოეს მომავალში ეწვევა, იუწყება ბრიუსელიდან საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე დავით უსუფაშვილი.

საქართველოს პარლამენტის თავჯდომარე ბელგიის დედაქალაქში სამშაბათს გაემგზავრა, სადაც მაღალი დონის შეხვედრებია დაგეგმილი, მათ შორის ევროკავშირის საგარეო საქმეების უმაღლეს წარმომადგენელთან ფედერიკა მოგერინისთან.

„ქვეყანაში კიდევ ერთი პოზიტიური გზავნილით დავბრუნდები…და მე მიხარია, რომ ბატონმა პრეზიდენტმა ჩემი მოწვევა მიიღო და უახლოეს თვეებში საქართველოში ჩამოსვლას გეგმავს. მჯერა, რომ როდესაც თქვენ ჩამოხვალთ საქართველოში, ევროპარლამენტიდან კარგ ამბებს ჩამოგვიტანთ, და თქვენ ასევე ჩვენ ქვეყანაში ბევრ პოზიტივს ნახავთ“,-თქვა უსუფაშვილმა შულცთან ერთობლივ პრეს-კონფერენციაზე.

ორშაბათს ევროპარლამენტის სამოქალაქო თავისუფლებების, მართლმსაჯულებისა და შინაგან საქმეთა კომიტეტმა საქართველოს მოქალაქეებისათვის სავიზო რეჟიმის ლიბერალიზაციის შესახებ ევროკომისიის საკანონმდებლო წინადადებას მხარი დაუჭირა. თუ ევროპარლამენტის დეპუტატები კანონპროექტს დაამტკიცებენ, საქართველოს მოქალაქეები შენგენის ზონის ქვეყნებში 180-დან არაუმეტეს 90-დღემდე უვიზოდ ყოფნას შეძლებენ.

ევროკავშირის დროშა - Sputnik საქართველო
ევროკავშირმა საქართველოს პროგრესი აღნიშნა

ქართული მხარე ვარაუდობს, რომ საქართველოს მოქალაქეებისათვის უვიზო რეჟიმი ძალაში უკვე ამ წლის ზაფხულში შევა.

საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობები 1992 წელს დაიწყო. ოთხი წლის შემდეგ მხარეებმა გააფორმეს შეთანხმება პარტნიორობისა და თანამშრომლობის შესახებ (PCA). ურთიერთობები უფრო ინტენსიური 2004 წლიდან გახდა, როდესაც საქართველო ევროპის სამეზობლო პოლიტიკის (ENP) პროგრამაში ჩართეს.

საქართველოსა და ევროკავშირის პოლიტიკური ასოციაცია და ეკონომიკური ინტეგრაცია 2008 წელს, პროგრამა „აღმოსავლეთ პარტნიორობის“ შექმნის შემდეგ დაიწყო. ის ევროკავშირის დაახლოებას ითვალისწინებს აზერბაიჯანთან, სომხეთთან, ბელარუსთან, საქართველოსთან, მოლდოვასა და უკრაინასთან. ბოლო სამმა ქვეყანამ 2014 წელს ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებას მოაწერა ხელი.

ყველა ახალი ამბავი
0