თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოდან ჩერნობილის ავარიის ლიკვიდაციაში მონაწილე სამხედროებისთვის დღეიდან ვეტერანის სტატუსის მისაღებად საპენსიო ასაკის მიღწევა აუცილებელი არ იქნება. განუცხადა „Sputnik“-ს საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის თავმჯდომარემ ვაჟა ჩადუნელმა.
„იმ 700 სამხედროდან, რომლებიც ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე აფეთქების შედეგების ლიკვიდაციაში მონაწილეობდნენ, ომის ვეტერანის სტატუსი მხოლოდ 45 მათგანს აქვს, რადგან კანონმდებლობის თანახმად მის მიღება მხოლოდ 65 წლის შემდეგ შეიძლება. დღეიდან კი ვეტერანებისთვის დაწესებული სამედიცინო და სატრანსპორტო შეღავათებით სარგებლობა იმ სამხედროებსაც შეეძლებათ, რომლებსაც საპენსიო ასაკამდე ჯერ არ მიუღწევიათ“-აღნიშნა ჩადუნელმა.
მისივე თქმით, ვეტერანის სტატუსი ჩერნობილის ავარიის ლიკვიდატორებს საზოგადოებრივ ტრანსპორტში უფასოდ მგზავრობის უფლებას მისცემს, გარდა ამის ისინი შეძლებენ ვეტერანებისთვის განკუთვნილი სამედიცინო დაზღვევითა და წამლებზე დაწესებული შეღავათებით სარგებლობასაც. საპენსიო დანამატის სახით 22 ლარის მიღება კი მათთვის შესაძლებელი მხოლოდ 65 წლის ასაკიდან იქნება.
წელს ჩერნობილის ტრაგედიიდან 30 წელი შესრულდა. ავარიის შედეგების ლიკვიდაციის მონაწილეები დღესაც ტრადიციულად სიონის ტაძარში შეიკრიბნენ რათა კიდევ ერთხელ გაეხსენებინათ ის ადამიანები, რომლებიც დღეს უკვე მათთან აღარ არიან.
დღეს ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ხელმძღვანელმა კობა კობალაძემ საქართველოს ჩერნობილელთა კავშირის თავმჯდომარეს ვაჟა ჩადუნელს იმ ოთხი ლიკვიდატორის დოკუმენტაცია გადასცა, რომლებმაც ვეტერანის სტატუსი საპენსიო ასაკამდე პირველებმა მიიღეს.
„ამ ხალხს აქვს უდიდესი დამსახურება ქვეყნის წინაშე და მათი დამსახურება არ უნდა იყოს დაკარგული. თითოეული მათგანი უნდა იყოს ღირსეულად იმ პოზიციის მატარებელი, რასაც ქვია ქვეყნის ვეტერანის სახელის ფლობა“- აღნიშნა კობა კობალაძემ.
მისი თქმით, ამ ადამიანებმა უდავოდ, დიდი გმირობა ჩაიდინეს, რადგან ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე მომხდარმა ავარიამ საფრთხე არა მარტო ევროპას შეუქმნა, არამედ აზიას და კავკასიის ნაწილს.
ამჟამად საქართველოს ჩერნობილის 903 ინვალიდი და 120 მონაწილე ჰყავს. მათგან 700 სამხედროა. სულ ჩერნობილის ავარიის სალიკვიდაციო სამუშაოებში საქართველოდან დაახლოებით 2000 ადამიანი მონაწილეობდა.