გიორგი ნადიბაიძე: სოჭში გასამარჯვებლად მივდივარ

© FB/ George.Nadibaidzeგიორგი ნადიბაიძე
გიორგი ნადიბაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
გიორგი ნადიბაიძე ახალგაზრდა, ლამაზი და ნიჭიერია. 2016 წლის დასაწყისში ის პოპულარული შოუ The Voice-ის ქართული ანალოგის გამარჯვებული გახდა, სადაც ჯგუფ A’Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას გუნდში იყო.

ოთხი თვის შემდეგ ცნობილი გახდა, რომ მომღერალი საქართველოს პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა საერთაშორისო კონკურსზე „ახალი ტალღა“ წარადგენს, რომელიც 2016 წლის სექტემბერში სოჭში გაიმართება.

რა როლს ასრულებს მის მუსიკალურ კარიერაში ქეთა თოფურია, რა განწყობით მიდის სოჭში და რას ფიქრობს ოჯახის შექმნაზე — ამ თემებზე გიორგი ნადიბაიძემ Sputnik-თან ექსკლუზიურ ინტერვიუში გულახდილად ისაუბრა.

- გიორგი, გამარჯობა! პირველ რიგში, გილოცავ ამ შესანიშნავ სიახლეს. შენი გულშემატკივარი ვიქნებით!

— დიდი მადლობა!

- გვიამბე, სად და როგორ იქნა მიღებული გადაწყვეტილება, რომ „ახალ ტალღაზე“ საქართველოდან შენ წახვალ?

— თავად იდეა უკვე პროექტ The Voice-ში მონაწილეობის დროს გაჩნდა, მაგრამ მანამდე ძალიან მინდოდა „ახალ ტალღაში“ საქართველოს სახელით მონაწილეობა. ამიტომ, როდესაც ეს იდეა პროექტში ცნობილი გახდა, ძალიან გამიხარდა. იდეაზე კარგად ვიმუშავეთ და აი, შედეგიც!

- ძნელი იყო მოსკოვში კასტინგის გავლა?

— ვერ ვიტყვი, რომ იოლი იყო. რთული იყო. შერჩევისას მაღალი კონკურენცია იყო. თანაც, კონკურსი ორი, საკმაოდ რთული შესარჩევი დღისგან შედგებოდა. რამდენიმე სიმღერა ვიმღერე, რომლებიც ჟიურის წევრებს ძალიან მოეწონათ. საბოლოოდ, ბედმა გამიღიმა და კონკურსის ფინალში მოვხვდი.

- საქართველოს სახელით შერჩევაზე ვინმე იყო?

— დიახ, შემსრულებელი ალისა დანელია. ის ქართული წარმოშობისაა, მაგრამ მოსკოვში ცხოვრობს. ისიც გავიდა ფინალში, ასე რომ, სოჭში ერთად წავალთ. მგონი, „ახალ ტალღაში“ ეს პირველი პრეცედენტია, როდესაც საქართველოს ერთდროულად ორი მომღერალი წარადგენს.

- შესანიშნავია! უკვე ცნობილია, რა რეპერტუარით გამოხვალ კონკურსზე?

— არა, რეპერტუარი საბოლოოდ ცნობილი უფრო მაისის ბოლოს გახდება, ამიტომ წინ ბევრი სამუშაო გვაქვს.

გიორგი ნადიბაიძე - Sputnik საქართველო
საქართველოს „ახალი ტალღა 2016“-ზე გიორგი ნადიბაიძე წარადგენს

- გიორგი, რა განწყობით მიდიხარ „ახალ ტალღაზე“, შენთვის მთავარი გამარჯვებაა თუ მონაწილეობა?

— შეიძლება, ხმამაღლა ჟღერდეს, მაგრამ არასდროს ვიღებ კონკურსში მონაწილეობას, რომ წავაგო. ოპტიმისტი ვარ. და რა თქმა უნდა, სოჭში მივდივარ, რომ გავიმარჯვო. ამავე დროს, არ მინდა ვთქვა, რომ უბრალოდ მონაწილეობა ისეთ პროექტში, როგორიც „ახალი ტალღაა“, ცუდია. მაგრამ ბუნებით მაქსიმალისტი ვარ და გამარჯვებისთვის ყველაფერს გავაკეთებ.

- გამარჯვების შემთხვევაში რას გააკეთებ?

— გამარჯვების შემთხვევაში შევეცდები, რომ ეს გამარჯვება ჩემს კარიერაში ბოლო არ იყოს. და ყველაფერს გავაკეთებ, რომ დიდხანს დავრჩე აქტუალური და საქართველოს შოუ-ბიზნესის აქტიური მონაწილე. შეიძლება ითქვას, რომ ამ კონკურსზეა მრავალი მნიშვნელოვანი მომენტია დამოკიდებული ჩემს ცხოვრებაში. ეს გამარჯვება ძალიან მჭირდება და ამისთვის ვიბრძოლებ. ასე რომ, უკან დასახევი გზა — მოჭრილია!

- გიორგი, რა როლს ასრულებს შენს კარიერაში ქეთა თოფურია?

— ქეთი ჩემს ცხოვრებაში დიდ როლს ასრულებდა, ასრულებს და დიდი იმედი მაქვს, კიდევ დიდხანს შეასრულებს. და ამას ძალიან ვაფასებ. მიმაჩნია, რომ ასეთი რამ ხშირად და ყველა მუსიკოსის ცხოვრებაში არ ხდება. და თუ ხდება, მჯერა, რომ მხოლოდ უფლის ნებით. ქეთი ადამიანია, რომელიც ღმერთმა გამომიგზავნა. საერთოდ, ქეთი ძალიან კარგი ადამიანია. ძალიან მიხარია, რომ მხარი დამიჭირა, რომ მასთან ერთად ერთი გუნდი ვართ. სიმართლე გითხრათ, არც კი ვოცნებობდი, რომ ეს მოხდებოდა.

- მაგრამ ეს მოხდა…

— ამისთვის ქეთის ძალიან მადლიერი ვარ. ზოგი ამბობს, რომ „აი, ქეთი რომ არ ყოფილიყო, მაშინ…“. და მე მათ ვეთანხმები. მაგრამ ამ დედამიწაზე თითოეული თავის საქმეს აკეთებს, მათ შორის ქეთი თოფურია და მე ჩემი შესაძლებლობებით. ასე რომ, ქეთი ჩემს ცხოვრებაში და ჩემს კარიერაში ძალზე პოზიტიურ და მნიშვნელოვან როლს ასრულებს.

- ოჯახის შექმნა შენს პირად გეგმებში ჯერ არ შედის?

— უახლოეს მომავალში მინდა, რომ ჩემს მუსიკალურ კარიერაზე მოვახდინო კონცენტრირება. ოჯახის შექმნა ჯერჯერობით ჩემს გეგმებში არ შედის. საერთოდ კი, რა თქმა უნდა, როგორც ყველა, ვოცნებობ ოჯახზე, ბავშვებზე, დალაგებულ ცხოვრებაზე. მაგრამ ჩემი ცხოვრების ამ ეტაპზე, ვფიქრობ, ეს არ მჭირდება და სწორად ვიქცევი. ყველაფერი წინ მაქვს!

— რა თქმა უნდა! მით უმეტეს, რომ ამ მიმართულებით ნახევარი საქმე უკვე გაკეთებულია — გაქვს ახალი სამოთახიანი ბინა, რომელიც პროექტში The Voice მოიგე! სხვათა შორის, როგორ მოეწყვე იქ?

— (იცინის) ახალ ბინაში ჯერჯერობით არ ვცხოვრობ, რადგანაც მისი გაფორმების საქმე ახლახან დავასრულე. მაგრამ, იმედი მაქვს, მალე გავარემონტებ და სრულფასოვნად მოვაწყობ.

ყველა ახალი ამბავი
0