საქართველოს „ახალი ტალღა 2016“-ზე გიორგი ნადიბაიძე წარადგენს

© FB/ Георгий Надибаидзеგიორგი ნადიბაიძე
გიორგი ნადიბაიძე - Sputnik საქართველო
გამოწერა
The Voice-ის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე კონკურსი „ახალი ტალღის“ ფინალისთვის შეირჩა. კონკურსში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების შემსრულებლები მონაწილეობენ.

თბილისი, 20 აპრილი — Sputnik. პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიურ რუსულ საერთაშორისო კონკურსზე „ახალი ტალღა“ საქართველოს ქართული The Voice-ის მეექვსე სეზონის გამარჯვებული გიორგი ნადიბაიძე წარადგენს.

ქართველი შემსრულებელი მოსკოვში კონკურსის ნახევარფინალში შეარჩიეს, რომელშიც მის გარდა რუსეთის, ყაზახეთის, ბელარუსის, სომხეთის, საფრანგეთის, იტალიის, ხორვატიისა და სხვა ქვეყნების 70 შემსრულებელი იღებდა მონაწილეობას.

„ჩემს სიხარულს საზღვარი არ აქვს! მოკლედ გეტყვით, რომ მიუხედავად დიდი მღელვარებისა და კონკურენციისა, „ახალი ტალღის“ (წარსულში ცნობილი „იურმალა“) ნახევარფინალი წარმატებით გავიარე და მოვხვდი გრანდიოზულ ფინალში, რომელიც გაიმართება სოჭში და სადაც საქართველოს სახელით მივიღებ მონაწილეობას“, — დაწერა ნადიბაიძემ „ფეისბუქის“ საკუთარ გვერდზე.

როგორც მომღერალმა აღნიშნა, მას დიდი იმედი აქვს, რომ საქართველოს ასახელებს.

გიორგი ნადიბაიძე 24 წლისაა. ის წარმოშობით გორიდანაა. მღერის ბავშვობიდან. 15 წლიდან უკრავს გიტარაზე. დამთავრებული აქვს მუსიკალური ათწლედი, თუმცა, საესტრადო მუსიკით გატაცების გამო, კლასიკური ვოკალის სწავლას თავი დაანება.

გიორგი 2015 წელს The Voice-ის ქართული ანალოგის (გადის ტელეკომპანია „იმედის“ ეთერში) გამარჯვებული გახდა, სადაც A’Studio-ს სოლისტის ქეთა თოფურიას გუნდში იყო.

„ახალი ტალღის“ ფინალი სოჭში 2016 წლის 3-9 სექტემბერს გაიმართება. სულ ფინალში მონაწილეობას 16 სახელმწიფოს წარმომადგენელი მიიღებს.

© https://www.facebook.com/george.nadibaidzeგიორგი ნადიბაიძე და ქეთა თოფურია
გიორგი ნადიბაიძე და ქეთა თოფურია - Sputnik საქართველო
გიორგი ნადიბაიძე და ქეთა თოფურია

კონკურსის პროგრამაში დაგეგმილია ოლეგ გაზმანოვისა და ვიქტორ დრობიშის შემოქმედებითი საღამოები, ასევე კლასიკური მუსიკის ცნობილი შემსრულებელების კონცერტი იური ბაშმეტის, დენის მაცუევის, დმიტრი ხვოროსტოვსკისა და ანა ნეტრებკოს მონაწილეობით.

გარდა ამისა, სოჭში ფესტივალზე იმღერებენ სოფია როტარუ, სოსო პავლიაშვილი, პოლინა გაგარინა, სტას მიხაილოვი, ფილიპ კირკოროვი, ირინა ალეგროვა, ვალერი ლეონტიევი, ალსუ, გრიგორი ლეპსი, ლოლიტა, A’Studio, ვალერი მელაძე, იოლკა, ვერა ბრეჟნევა, ბიანკა, სერგეი ლაზარევი, სტას პიეხა, სლავა, ჯიგანი, ჯგუფები „გრადუსი“, „ლენინგრადი“, „ვია–გრა“ და სხვ.

„ახალი ტალღა“ პოპულარული მუსიკის ახალგაზრდა შემსრულებელთა ყოველწლიური საერთაშორისო კონკურსია. 2002 წლიდან 2014 წლის ჩათვლით ლატვიის ქალაქ იურმალაში იმართებოდა. 2015 წლიდან კონკურსი სოჭში იმართება. კონკურსის იდეა კომპოზიტორებს იგორ კრუტოისა და რაიმონდ პაულსს ეკუთვის.

ყველა ახალი ამბავი
0