თბილისი, 26 აპრილი — Sputnik. საქართველოს ხელისუფლება რუსეთთან ურთიერთობების მოგვარებას უნდა შეეცადოს, განაცხადა საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა სააგენტო Associated Press-თან ინტერვიუში.
საქართველომ რუსეთთან დიპლომატიური ურთიერთობები 2008 წლის აგვისტოში, მოსკოვის მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების საპასუხოდ გაწყვიტა.
„ეს არ ნიშნავს, რომ ჩვენ არ უნდა შევეცადოთ ჩვენს მეზობელთან — რუსეთთან ურთიერთობების ნორმალიზებას, თუმცა, არა ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენული გადაწყვეტილებების საზიანოდ“, — განაცხადა კვირიკაშვილმა.
ამჟამად რუსეთსა და საქართველოს შორის დიალოგი მხოლოდ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების ფორმატში, რუსეთთან ურთიერთობების მოგვარების საკითხებში საქართველოს პრემიერ-მინისტრის სპეციალური წარმომადგენლის ზურაბ აბაშიძისა და რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილის გრიგორი კარასინის პრაღაში რეგულარული შეხვედრების ფარგლებში მიმდინარეობს.
შეხვედრის ფორმატი პოლიტიკური საკითხების განხილვას არ ითვალისწინებს, მასზე განიხილება ვაჭრობის, ტრანსპორტისა და კულტურულ-ჰუმანიტარულ სფეროში ურთიერთობის საკითხები, ხოლო ჟენევის ფორმატში პოლიტიკურ საკითხებზე მსჯელობენ.