მინისტრი: ექიმები ხშირად არასწორად წერენ რეცეპტებს

© Interbuhმედიკამენტები
მედიკამენტები - Sputnik საქართველო
გამოწერა
საქართველოს ხელისუფლება წამლების სიძვირესთან დაკავშირებული პრობლემის გადასაჭრელად მსოფლიო გამოცდილების გაზიარებას აპირებს.

თბილისი, 25 აპრილი — Sputnik. საქართველოში ექიმები პაციენტებს ხშირად იმაზე მეტ წამალს უწერენ, ვიდრე სინამდვილეშია საჭირო, განაცხადა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ „კვირის პალიტრასთან“ ინტერვიუში და აღნიშნა, რომ წამლები ქვეყანაში ძალიან ძვირია.

„ჯანდაცვის სისტემაში დახარჯული თანხის ძალიან დიდი ნაწილი მედიკამენტებზე მოდის, 40%-დან 50%-ს ზემოთ ტრიალებს. ჯანდაცვის განვითარებული სისტემები წამლებზე 15%-დან 25%-მდე ხარჯავენ. ჩვენ ორჯერ მეტი დანახარჯი გვაქვს, რადგან ხშირად ექიმები პაციენტებს საჭიროზე მეტ წამალს უწერენ“, — განაცხადა სერგეენკომ.

მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის გამოცდილებიდან გამომდინარე, ამ პრობლემის გადაჭრის რამდენიმე გზა არსებობს, განმარტა მინისტრმა. კერძოდ, ფარმაცევტულ კომპანიებს სახელმწიფო უწესებს მოგების გადასახადს, ანუ ზღუდავს ბიზნესს; სახელმწიფო სუბსიდირებას იწყებს და ხალხისთვის წამლებს ყიდულობს; შემოაქვს რეგულაციები, რომელთა შედეგად სახელმწიფო შემოტანილი და ადგილობრივი პროდუქციის ხარისხს აკონტროლებს და ბაზარს მიმზიდველს ხდის სხვა მოთამაშეებისთვის.

მედიკამენტები - Sputnik საქართველო
საქართველოში С ჰეპატიტით დაავადებულებს მედიკამენტებით სრულად უზრუნველყოფენ

სერგეენკოს განცხადებით, სახელმწიფო საქართველოს მოქალაქეებისთვის გარკვეული ჯგუფის მედიკამენტებს უკვე ყიდულობს, გარდა ამისა, გაძლიერებულია ასევე პრეპარატების ხარისხის კონტროლი.

2015 წლის შემოდგომაზე, საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივით, სპეციალური მეთოდოლოგია შეიქმნა, რომლის დახმარებით პერიოდულად იზომება მედიკამენტების ფასები.

საქართველოში 2013 წლის თებერვლიდან იმ მედიკამენტების საფასურს, რომელიც პაციენტის სტაციონარში მკურნალობისთვის არის აუცილებელი, მთლიანად სახელმწიფო ფარავს. გარდა ამისა, წამლებს უფასოდ იღებენ С ჰეპატიტითა და ტუბერკულიოზით დაავადებული პაციენტები. ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალებს, სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ძვირადღირებული პრეპარატი „ჰერცეპტინის“ ყიდვა 80%-იანი ფასდაკლებით შეუძლიათ.

მანამდე „Sputnik საქართველომ“ მკითხველთა შორის ჩაატარა გამოკითხვა. კითხვაზე „ბოლო პერიოდში ყველაზე მეტად რომელი პროდუქტები გაძვირდა?“ გამოკითხვის მონაწილეთა 25%-მა უპასუხა, რომ ყველაზე მეტად ქვეყანაში მედიკამენტები გაძვირდა.

ყველა ახალი ამბავი
0