თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი სამუშაო ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებს ეწვევა, იუწყება პრემიერის პრესსამსახური.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტს, ჯოზეფ ბაიდენს შეხვდება. ასევე დაგეგმილია შეხვედრები სენატისა და წარმომადგენლობითი პალატის წევრებთან.
ვიზიტის ფარგლებში გიორგი კვირიკაშვილი შეხვდება წამყვან ამერიკულ ბიზნესწრეებსა და არასამთავრობო ორგანიზაციების ლიდერებს.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ასევე გამართავს შეხვედრებს მსოფლიო ბანკის პრეზიდენტ ჯიმ იონგ კიმთან და საერთაშორისო სავალუტო ფონდის მმართველი დირექტორის მოადგილესთან, მინ ჟუსთან.
გიორგი კვირიკაშვილი შეხვედრას გამართავს ბოსტონში მცხოვრებ ქართველ სტუდენტებთან და სიტყვით გამოვა აშშ-ის მშვიდობის ინსტიტუტში.
ქართული დელეგაციის შემადგენლობაშიც არიან ვიცე-პრემიერი დიმიტრი ქუმსიშვილი, საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე და პარლამენტის საგარეო კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე.
გიორგი კვირიკაშვილის ვიზიტი აშშ-ში 25აპრილიდან 29 აპრილამდე გაგრძელდება.