თბილისი, 24 აპრილი — Sputnik. ქართველი კინორეჟისორი ლევან თუთბერიძის ფილმმა „მოირამ“ პეკინის რიგით მეექვსე საერთაშორისო კინოფესტივალზე წარმატებას მიაღწია.
საუკეთესო მსახიობის მეორეხარისხოვანი როლის ნომინაციაში ქართველი მსახიობი, მარჯანიშვილის თეატრის მსახიობი ქეთი ცხაკაია დაჯილდოვდა.
ფილმი „მოირა“, რომელიც მრავალი საერთაშორისო ფესტივალის ლაურეატია, ქართულ კინოგაქირავებაში უკვე ჩაშვებულია.
მოირა ძველბერძნულ მითოლოგიაში ბედისწერის ქალღმერთია. თუთბერიძის ფილმში მოირა ორი მეთევზე ძმის უბრალო თევზსაჭერ ნავს ჰქვია. ესაა ზღვისპირა ქალაქში მცხოვრები ოჯახის ისტორია. ციხიდან გამოსული ერთ-ერთი ძმა მამუკა ცდილობს ოჯახის სიღარიბისგან დაიხსნას. მისი დედა საზღვარგარეთ მუშაობს. მამა ინვალიდის ეტლს არის მიჯაჭვული. უმუშევარ ძმას კი კრიმინალებთან აქვს კავშირები. მამუკა ნასესხები ფულით ყიდულობს პატარა სათევზაო გემს, თუმცა, ბედი შეუბრალებელი აღმოჩნდება.
კინოფესტივალზე 42 ქვეყნიდან სულ 400-ზე მეტი ფილმი იყო წარმოდგენილი.