მართლმადიდებელი ეკლესია დღეს იერუსალიმში მაცხოვრის დიდებით შესვლას, ბზობის დღესასწაულს აღნიშნავს. ამასთან დაკავშირებით ტაძრებში სადღესასწაულო წირვა-ლოცვა შესრულდება.
დღეს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორე საღმრთო ლიტურგიას ყოვლადწმინდა სამების ტაძარში აღავლენს.
დიდმარხვის მეექვსე კვირა დღეს მართლმადიდებელი ეკლესია მაცხოვრის იერუსალიმში დიდებით შესვლას ზეიმობს, რასაც ქრისტიანები ბაიაობას, ანუ ბზობას უწოდებენ. იგი ათორმეტთაგან რიგით პირველი მოძრავი დღესასწაულია, რომელიც ყოველთვის ბრწყინვალე აღდგომის წინა კვირა დღეს აღინიშნება.
დღესასწაულთან დაკავშირებით მლოცველები ტაძრებში ბზის რტოებით და სანთლებით მიდიან. ეკლესიებში ბზა იკურთხება, როგორც სიმბოლო უფლისთვის მიგებებისა. ბზობის გამო დიდმარხვის ეს დღე თევზით ხსნილია. შემდეგ ერთი კვირა კი მორწმუნეთათვის მძიმეა, რადგან ვნების შვიდეული აღინიშნება.
დიდმარხვა წელს 14 მარტს დაიწყო და პირველ მაისს, უფლის აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე დასრულდება.