თბილისი, 23 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ კორეას ურთიერთობების განვითარების დიდი პოტენციალი გააჩნიათ, რაც თბილისში კორეის დიპლომატიური წარმომადგენლობის გახსნას შეუწყობს ხელს, დარწმუნებული არიან ორი ქვეყნის წარმომადგენლები.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შაბათს კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარე ჩუნგ უი ჰვას შეხვდა. ის საქართველოს ოფიციალური ვიზიტით 20 აპრილს ეწვია.
შეხვედრაზე საუბარი ორმხრივი თანამშრომლობის განვითარების პერსპექტივებს შეეხო. საქართველოს პრემიერ-მინისტრმა კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარეს თბილისში წყალდიდობის დროს გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა, აღნიშნულია მთავრობის ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში.
შეხვედრაზე ასევე შეეხნენ თავისუფალი ვაჭრობის საკითხს.
კვირიკაშვილმა აღნიშნა, რომ საქართველოს მთავრობა კორეული ინვესტიციების განხორციელებას საქართველოში მიესალმება. ამ მხრივ ხაზი გაესვა კორეის რესპუბლიკის სახელმწიფო წყლის კომპანია K Water-ის ინვესტიციას, რომელიც სვანეთში ნენსკრას ჰიდროელექტროსადგურის მშენებლობას გულისხმობს. პროექტის ღირებულება 1 მილიარდი აშშ დოლარია.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ.
იმპორტმა კორეიდან საქართველოში 2016 წლის პირველ კვარტალში 13,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო ექსპორტმა საქართველოდან კორეაში — 600 ათასი აშშ დოლარი.