თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. საქართველოსა და სამხრეთ კორეას შორის პოლიტიკური ურთიერთგაგება სულ უფრო ძლიერდება, განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ დავით უსუფაშვილმა თბილისში კორეელ კოლეგასთან ჩუნგ უი ჰვასთან შეხვედრის შემდეგ.
მხარეებმა საქართველოს პარლამენტსა და კორეის რესპუბლიკის ეროვნულ ასამბლეას შორის ურთიერთგაგების მემორანდუმს მოაწერეს ხელი.
„კორეა არის ძალიან მნიშვნელოვანი, გლობალური მოთამაშე სხვადასხვა მიმართულებით და ჩვენ მოხარული ვართ, რომ ჩვენს ქვეყნებს შორის ურთიერთობა სულ უფრო და უფრო ღრმავდება პოლიტიკური ურთიერთგაგების დონეზე“, — განაცხადა დავით უსუფაშვილმა ერთობლივ პრესკონფერენციაზე.
სხვადასხვა სფეროებში ერთობლივი მუშაობის აუცილებლობის შესახებ ისაუბრა კორეის ეროვნული ასამბლეის თავმჯდომარემ.
„საქართველომ შეინარჩუნა თავისი მშვენიერი ლანდშაფტი, მშვენიერი ქვეყანა და დარწმუნებული ვარ, რომ საქართველო გახდება ქვეყანა, საითკენაც მოპყრობილი იქნება მთელი სამყაროს ყურადღება“, — აღნიშნა ჩუნგ უი ჰვამ.
კორეის საპარლამენტო დელეგაცია საქართველოში 20 აპრილს ჩამოვიდა. ვიზიტი 23 აპრილამდე გასტანს.
საქართველოში ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში დაგეგმილია ჩუნგ უი ჰვას შეხვედრა ქვეყნის პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილთან.
საქართველომ და სამხრეთ კორეამ დიპლომატიური ურთიერთობები 1992 წლის დეკემბერში დაამყარეს. ქვეყნები ტურიზმის, ვაჭრობის, გარემოს დაცვისა და სხვა სფეროებში თანამშრომლობენ.
კორეიდან საქართველოში 2016 წლის პირველ კვარტალში იმპორტმა 13,8 მილიონ აშშ დოლარზე მეტი შეადგინა, ხოლო საქართველოდან კორეაში ექსპორტმა — 600 ათასი აშშ დოლარი.