თბილისი, 25 თებერვალი — Sputnik. საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, რომელიც საპარლამენტო დელეგაციასთან ერთად, ოფიციალური ვიზიტით კორეის რესპუბლიკაში იმყოფება, შეხვედრა მასპინძელი ქვეყნის ეროვნული ასამბლეის სპიკერთან, ჩანგ უი-ჰვასთან გამართა, იტყობინება საქართველოს პარლამენტის პრესსამსახური,
შეხვედრაზე განიხილეს საქართველოს ეკონომიკური და ტურისტული პოტენციალი და საქართველოსა და კორეის რესპუბლიკას შორის უკვე არსებულ ბიზნეს პროექტებს, მათ შორის, ნენსკრა ჰესის პროექტიც.
კორეის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერის განცხადებით, მისი ქვეყანა სრულად უჭერს მხარს საქართველოს დიპლომატიურ აქტივობას როგორც რეგიონში, ასევე, მის ფარგლებს გარეთ. მისივე თქმით, მშვიდობისა და სტაბილურობის მხარდასაჭერად, საქართველომ და კორეის რესპუბლიკამ მჭიდროდ უნდა ითანამშრომლონ.
შეხვედრაზე საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესზე, ვიზალიბერალიზაციის, ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმების და ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმების იმპლემენტაციის საკითხებზე ისაუბრეს.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, სასურველია, კორეის რესპუბლიკამ და საქართველომ ეკონომიკურ საკითხებსა და ტურიზმის სფეროში უფრო აქტიურად ითანამშრომლონ. ჩანგ უი-ჰვას განცხადებით, მისი ქვეყანა მზადაა, საქართველოს ეკონომიკური პროგრესის მიღწევის საკითხებში გამოცდილება გაუზიაროს.
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია, რომელსაც დავით უსუფაშვილი ხელმძღვანელობს, კორეის რესპუბლიკაში ვიზიტს 28 თებერვალს დაასრულებს. დელეგაციის შემადგენლობაში პარლამენტის წევრები — დიმიტრი ხუნდაძე, შოთა ხაბარელი და ზურაბ აბაშიძე, საქართველოს პარლამენტის აპარატის უფროსი ზურაბ მარაქველიძე და საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის კაბინეტის უფროსი დავით მაღრაძე შედიან.