თბილისი, 21 აპრილი — Sputnik. ჩინურმა ბიზნესმა შესაძლოა ავსტრალიის ეროვნული ბრენდი S.Kidman and Cо. შეიძინოს, იუწყება Sputnik International.
საქონლის ხორცის ამ უმსხვილესი მწარმოებლის საფერმერო მამულები ავსტრალიის ტერიტორიის ერთ პროცენტს მოიცავენ. გარიგება 307,7 მილიონ დოლარად ფასდება. ეს S.Kidman and Cо. კომპანიის მიერ თავისი ბიზნესის გაყიდვის პირველი ცდა არ არის. ის 1899 წელს დაფუძნდა. 185 ათასი სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯოგი იაპონიის, აშშ-ს და სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის საქონლის ხორცის ბაზრებში კომპანიის არსებობას უზრუნველყოფს.
ავსტრალიის კანონების თანახმად, უცხოელებზე უძრავი ქონების გაყიდვა ხაზინისა და უცხოური ინვესტიციების საბჭოს მიერ აუცილებელ დამტკიცებას ექვემდებარება. ავსტრალიაში ბევრი ჩინოსანი ამ გარიგების წინააღმდეგ გამოდის. თავის პოზიციას ხელისუფლება იმით ხსნის, რომ გასაყიდი რაიონი თავისი საძოვრებითა და ფერმებით უშუალოდ Woomera-ს ავსტრალიურ სარაკეტო საცდელ პოლიგონს ესაზღვრება.
ეს დაბრკოლება Dakang Australia Holdings ჩინური კომპანიისათვის მოხსნილია. სარაკეტო პოლიგონთან ახლოს მდებარე თავდაპირველად გასაყიდად გამოტანილი საფერმერო მამულები გარიგების პაკეტიდან ამოიღეს. ეს ჩინური კომპანიის მიერ S.Kidman and Cо. კომპანიის აქტივების 80%-ის შეძენის ალბათობას ზრდის. დანარჩენი წილი ავსტრალიური კომპანიის Australian Rural Capital საკუთრებაში უნდა გადავიდეს, რომელიც ASX (Australian Securities Exchange) ლისტინგშია შეტანილი.